როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი ისეთი პრობლემა ჰქონიათ ცხოვრების მანძილზე, რამაც შემდგომ მათ ფსიქიკას გარკვეული ტრამვა მიაყენა, ყველაფერი საბოლოოდ დეპრესიად ჩამოყალიბდა, თუმცა დეპრესია მხოლოდ ერთი სტრესული სიტუაციით არ აიხსნება, მას აქვს თანმხლები ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები.

რა არის დეპრესია? ვის და რატომ შეიძლება დაემართოს ის? როგორ დავიცვათ თავი ამ ფსიქოემოციური აშლილობისგან? - ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრება ნინო ოკრიბელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე:

- პირველი ცნობები დეპრესიის ტიპურ სიმპტომებზე მელანქოლიის სახით, აღწერილია მესოპოტამურ წყაროებში, თუმცა ტერმინი დეპრესია ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გამოიყენეს, შემდეგ XVII-XVIII საუკუნეებში და გულისხმობდა სულის, სულიერების დაქვეითებას...

დეპრესია თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზები ერთი რომელიმე პრობლემით არ შეიძლება აიხსნას, რადგანაც გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია.

დღეს ნებისმიერი დაავადება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი, ისე განიხილება და დეპრესიის მიზეზები არის როგორც ბიოლოგიური ცვლილებები, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური, რომელიც ერთობლიობაში ბევრ სერიოზულ ემოციურ პრობლემას იძლევა და მას საზოგადოებაში დეპრესიას უწოდებენ. მაგალითად, ბიოლოგიური ფაქტორების გარდა (როგორიცაა სეროტონინის და სხვა ნეირომედიატორების ცვლილებები), დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვნების განცდა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილი და დაბალ იერარქიულ საფეხურზე ყოფნა. ამავე დროს, სოციალური თეორიის თანახმად, ჩნდება "ხაფანგში გაბმულობის" განცდაც.

- როგორ ვლინდება ის, ანუ როგორია მისი კლასიკური სიმპტომები?

- დეპრესია შესაძლებლობების, ემოციის დაქვეითებას გულისხმობს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ დეპრესია აქვს, გულისხმობს დაქვეითებულ გუნება-განწყობას. ის ყოველთვის გაწონასწორებული, ემოციის გარეშე ვერ იქნება. მოწყენილობის, ან ბედნიერების განცდის დროს აქვს ორი, რადიკალურად განსხვავებული პოლუსი, რომელიც ნორმაში ჯდება და ბანალური მოწყენილობა არ შეიძლება გავაიგივოთ მედიცინაში და კერძოდ, ფსიქიატრიაში გამოყენებულ ტერმინ დეპრესიასთან. როცა ფსიქიატრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანს დეპრესია აქვს, აქ სიმპტომთა გარკვეულ ჩამონათვალს გულისხმობს - ანუ 5 სიმპტომი ერთდროულად, სულ მცირე 2 კვირის მანძილზე მაინც არსებობს.

დეპრესიული სიმპტომები ვარიაბილურია და 4 ჯგუფად იყოფა:

  • პირველი ჯგუფი - ემოციური სფეროს სიმპტომები: მოწყენილობა, შფოთვა, ბრაზი, გუნება-განწყობის მერყეობა, საკუთარი უსუსურობის განცდა, გამღიზიანებლობა.
  • მეორე ჯგუფი ქცევას ეხება - ეს შეიძლება ტირილით, სხვებთან ურთიერთობის დამუხრუჭებით იყოს გამოხატული, ასევე მცდელობით, რომ თავი აარიდოს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, რაც საკუთარი პასუხისმგებლობების გარკვეული უარყოფაა. ამ ქცევის ჯგუფში ასევე შეიძლება განვიხილოთ გარეგნობის ცვლილება (გუნება-განწყობა ადამიანის რეალურ გამომეტყველებაზე აისახება), უფრო ნელა მოძრაობს. თუ ამას შფოთვაც ემატება, შეიძლება აჟიტირებულიც იყოს, დამშვიდებას ვერ ახერხებდეს;
  • მესამე ჯგუფი ეს მხოლოდ კოგნიტიური სიმპტომებია - აზრებია, ანუ საკუთარი თავის კრიტიკა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რის გამოც ხშირად პაციენტი ამბობს, რომ მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა. ეს კი გადაწყვეტილების მიღების პრობლემას უკავშირდება და შეიძლება სუიციდსა და სიკვდილზეც გაუჩნდეს აზრები.
  • მეოთხე ჯგუფს ახლავს ფიზიკური სიმპტომები: ენერგიის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, ზედმეტი ძილიანობა ან უძილობა, წონის მომატება, ან დაკლება, მოტივაციის დაქვეითება, უცნაური ტკივილები და მცდელობა, რომ ეს ტკივილები ჩაიხშოს, ვთქვათ, ნარკოტიკული, ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით...
- დეპრესიაში მყოფი ადამიანი, არის თუ არა საზიანო საზოგადოებისთვის, თუ ის მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს...

- არსებობს გარკვეული შკალები, ასეთი ადამიანი საზოგადოებას ტვირთად რამდენად აწვება (არ იგულისხმება მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა). ზოგადად ადამიანი რადგანაც საზოგადოებაში ცხოვრობს, გარკვეული ფუნქციები უნდა შეასრულოს, მაგალითად, იშრომოს, აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები, მაგრამ როცა დეპრესიაშია, ეს ფუნქციები დარღვეულია და ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, დეპრესიაში მყოფი ადამიანი შეიძლება უნარების დაკარგვას განიცდიდეს. დიახ, უნარი შეეზღუდოს, რის გამოც სახელმწიფოს თუ საზოგადოებას გარკვეული გასაცემლები გაუჩნდეს, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით (პენსიის სახით), რაც ცხადია, გარკვეულ ტვირთად აწვება საზოგადოებას. ისე, დეპრესიაში მყოფი ადამიანების აგრესია უმეტესად მაინც თვითდაზიანების ტენდენციით შეიძლება გამოიხატოს.

- არის თუ არა ნევროზი დეპრესიის განშტოება?

- დეპრესია ცალკე ფენომენად არის გამოყოფილი და ამიტომ შექცევადი, განმეორებადი დეპრესიის სახით შეიძლება არსებობდეს. შეიძლება ცხოვრების მანძილზე ადამიანმა მხოლოდ ერთი დეპრესიული ეპიზოდი გადაიტანოს და შეიძლება ის იყოს იმ აფექტური აშლილობის შემადგენელი, რასაც ადრე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ერქვა. დღეს მას ორპოლუსიანი ანუ ბიპოლარული აფექტური აშლილობა ჰქვია. როდესაც ვსაუბრობთ ნევროზული რეგისტრის აშლილობებზე, აქ უპირატესად შფოთვითი აშლილობები იგულისხმება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ან არ ახლდეს დეპრესიული სიმპტომატიკა.

- რა რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს, როგორ აირიდოს დეპრესია ადამიანმა?

- ზოგადად, ნებისმიერი პრობლემის პრევენცია ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს, მაგრამ როდესაც უკვე მოზარდზეა საუბარი, რომ დეპრესია აღენიშნება, ეს მჭიდროდ კავშირშია ბავშვობის ასაკში მიღებულ ტრავმულ გამოცდილებასთან. ბავშვობაში ტრავმული გამოცდილება კატასტროფაა, რადგანაც იმ პერიოდში ფსიქიკური ლანდშაფტი ინგრევა. ამიტომ, პატარებთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. როგორც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იტყოდა, "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ" და ბავშვობის პერიოდის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას დეპრესიის პრევენციის საკითხებში კარდინალური როლი ენიჭება.

არაჰარმონიულ ოჯახებთან "ბრძოლის" კამპანია ფსიქო-სოციალური ოჯახებისთვის გარკვეული მხარდაჭერაა, რადგანაც აუცილებელია ბავშვები შედარებით სრულფასოვან გარემოში იზრდებოდნენ. ეს ცხოვრების ჯანმრთელი წესის პრევენციაა, ასევე განათლების მიწოდების და იმის პროფილაქტიკა, რომ ნაადრევად არ მოხდეს შეხება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან, ალკოჰოლთან და მთელ რიგ ისეთ მავნეობებთან, რამაც შემდგომ შესაძლოა ასახვა პოვოს დეპრესიული სიმპტომატიკის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, მეორადი დეპრესიული ეპიზოდები მოსალოდნელია განვითარდეს ალკოჰოლური თრობის შედეგად და თუ ეს ხშირად განმეორდება, რეაგირების პიროვნული მოდელი შეიძლება შეიცვალოს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც აღქმის განსხვავებული სტილი აქვთ და ცუდ სიტუაციაში დადებითს პოულობენ. ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები დეპრესიის მიმართ.

- არსებობს თუ არა გარკვეული სტატისტიკა, დეპრესია ქალებს მეტად ეძალებათ, თუ მამაკაცებს?

- დიახ, ქალები უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის მიმართ. ქალებში დეპრესია 2-ჯერ უფრო ხშირია და მეტი ქრონიკულობით თუ შექცევადობით, განმეორებითობით ხასიათდება. ამავე დროს, ქალებში შესაძლოა წინასწარ განჭვრიტო მომატებული რისკის პერიოდები და მიმართო პროფილაქტიკურ სტრატეგიებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანო დაავადების შექცევადობა და სიმწვავე.

საერთოდ, დეპრესია ქალებში ცალკე თემაა, იმიტომ, რომ ხშირად ბიოლოგიური აქტიურობის პერიოდებთან არის ასოცირებული. მაგალითად, ორსულობის შემდგომი დეპრესია ან მშობიარობის შემდგომი სევდა. ეს უკანასკნელი სულაც არ ჰგავს კლასიკურ დეპრესიას, მაგრამ მისი გარკვეული სიმპტომები არსებობს. დეპრესია ქალებში, გარკვეულწლად, რეპროდუქციული აქტივობის პერიოდებში არსებული ჰორმონალური ძვრებით არის გამოწვეული. ამავე დროს, თავად ორსულობა არ ზრდის ფსიქიკური დეკომპენსაციის რისკს. დეპრესიისადმი ქალთა მოწყვლადობის მიზეზი ასევეა სერიოზული ტრავმული მოვლენები, მათ შორის - ადამიანური თუ სხვა სახის დანაკარგები.

საინტერესოა, რომ ფსიქიკურ აშლილობათა ახალი კლასიფიკატორი დეპრესიების ჯგუფში განიხილავს პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას, ყოველი ციკლის წინა პერიოდს, რომელიც მერყეობით გამოირჩევა და ზოგ ქალს სერიოზულ პრობლემას უქმნის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. სხვათა შორის, ამ ფენომენს ყურადღება თვით ჰიპოკრატემაც მიაქცია. ასე რომ, დეპრესიას უფრო ქალის პროფილი აქვს.

სამწუხაროდ, მამაკაცების დიდი ნაწილი ვერც ახდენს ამ სიმპტომატიკის იდენტიფიცირებას, რადგან დეპრესიის სიმპტომები უხშირესად გამოხატული აქვთ სხვადასხვა სახის ტკივილით, ძილის დარღვევებით, აპათიით, აგრესიით, მადის ცვლილებებით უფრო მეტად, ვიდრე ემოციური დაქვეითებით...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 707-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე