"ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" - ახალი გამოწვევა მოსწავლეებისთვის

"ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" - ახალი გამოწვევა მოსწავლეებისთვის

..."ბოროტმა" ენებმა ქართული ენა ცხრაკლიტულში გამოკეტეს. მის დასახმარებლად ქალაქ ლექსიკიდან ექპერტი ენის წმენდის საკითხებში - "სქრინშოთა" ჩამოვიდა. "სქრინშოთა" ქართველებს დაეხმარება, რომ ენა ცხრაკლიტულიდან იხსნან. ამისთვის კი საჭიროა ქართული ენა ბარბარიზმებისა და "სლენგისგან" გაიწმინდოს. "სქრინშოთას" ისე მოეწონება საქართველო, რომ აქ დარჩენას გადაწყვეტს. თუმცა, აქ ერთი დიდი პრობლემა იჩენს თავს - ენა უკვე გაწმენდილია და მასში "სქრინშოთას" ადგილი აღარაა. ამიტომაც, მას ქართული სახელი უნდა შეურჩიონ, პროცესი უკვე დაწყებულია პროექტის "ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" ფარგლებში"

ამბის ავტორები - ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბექა ადამაშვილი და დიანა ანფიმიადი არიან. ამბავს კი, ქართული ენის ელჩები მოუყვებიან მთელი საქართველოს მასშტაბით 1 500 სკოლის მოსწავლეს.

იდეის ავტორია საგანმანათლებლო ცენტრი "ცამდე", რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება.

"პროექტის ფარგლებში ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი შეირჩა. 29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება. პროექტის მიზანია, ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად," - განმარტავს "ცამდეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსკა ჯიქია.

გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას. ღია გაკვეთილი 30 წუთს გაგრძელდება. მოსწავლეები ჩაერთვებიან თამაშში, ისინი ამბის მთავარი გმირის დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ქართულ ტექსტებს ორაზროვანი წინადადებებისგან, ბარბარიზმებისგან, კალკებისა და სხვა შეცდომებისგან გაათავისუფლებენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვენ ენაში დღეს ყველაზე აქტიურად გამოყენებად რამდენიმე უცხო სიტყვას და მათ შორის, "სქრინშოთს" ქართული შესატყვისები უპოვონ.

"ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად" ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება. მეორე ეტაპს ქვია "ცხრა მწერალი - ცხრა ამბავი".

"9 თანამედროვე ქართველი მწერალი დაწერს ამბავს ორ სხვადასხვა ენაზე. ერთი იქნება სალიტერატურო ქართულით, მეორე კი ბარბარიზმებით, სლენგებითა და ნეოლოგიზმებით ხელოვნურად გაჯერებული ქართულით. ამ ექსპერიმენტის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა და საერთოდ ყველამ დაინახოს, როგორ შეიძლება ემოცია მოიტანოს ტექსტმა, რომელიც კარგი ქართულითაა დაწერილი და როგორ კარგავს ამ ემოციას "სლნეგით" გაჯერებული ქართული ენა," - განმარტავს რუსკა ჯიქია.

ფესტივალის მესამე ნაწილი და მისი კულმინაცია სასკოლო ოლიმპიადაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ოლიმპიადაში ჩაერთვებიან მოსწავლეები იმ სკოლებიდან, რომლებსაც ფესტივალის განმავლობაში ენის ელჩები და მწერლები ესტუმრებიან. ისინი ქართული ენის ცოდნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გამარჯვებულები ივლისში დაჯილდოვდებიან.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს