საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას

საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას

გასულ კვირას აშშ-ის რამდენიმე შტატში ლისტერიოზის გავრცელების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი კლინიკაში მკურნალობას დღემდე გადის.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაავადება ნედლი (არაპასტერიზებული) რძისგან, სახელწოდებით Ouleout დამზადებულმა ყველმა გამოიწვია. ბაქტერია, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ლისტერიის სახელითაა ცნობილი და ძირითადად გვხვდება ნედლ, არაპასტერიზებულ რძეში, ამ რძით დამზადებულ რძის პროდუქტებში და ხორცპროდუქტებში.

განსაკუთრებულად სახარბიელო სიტუაცია რძის ხარისხის კუთხით არც საქართველოშია.

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ეტიკეტებზე პროდუქციის შემადგენლობის, დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, ასევე მწარმოებლის მითითებას ითვალისწინებს, თუმცა რძის პროდუქტების, მათ შორის, ყველის ეტიკეტირება აგრარულ ბაზრებში ისევ არ ხდება. რეგლამენტის თანახმად, სარეალიზაციო დახლზე წარმოდგენილ პროდუქციას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მიკვლევადობა შესაძლებელი იყოს, თუმცა რეგლამენტის ამოქმედების მიუხედავად, ქუჩაში მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მათ ნაწარმს ეტიკეტირება არ სჭირდება.

ნედლი რძისა და ყველის ხარისხი კიდევ ერთხელ გახდა ფართო დისკუსიის საგანი მომხმარებლებს შორის მას მერე, რაც "ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა მიქაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მომხმარებელს მოუწოდა, რომ ბაზარში ნაყიდ ყველს არ გაეკარონ. ანა მიქაძის განმარტებით, ქართული რძე მასტიტით და ბრუცელოზით არის სავსე.

"ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა. ძროხას, რომელიც არის ბიოლოგიური არსება, ემართება გარკვეული დაავადებები. რძის ჩაბარებისას მასტიტისა და ბრუცელიოზის რამდენიმე შემთხვევას გადავაწყდი, რაც ლაბორატორიით გადავამოწმე. მასტიტიანი (დაავადებული) რძე პასტერიზების დროს იჭრება, ვერ უძლებს პასტერიზებას და გამოუსადეგარი ხდება. მისგან ნორმალურ ყველს ვერ დაამზადებთ. ამის გამო თითქმის 10 ტონა რძის გადასხმა მოგვიწია. თუმცა, ზოგიერთი ფერმერი ეშმაკობს და მაინც ამზადებს დაავადებული რძით ყველს და ყიდიან“, - აცხადებს ანა მიქაძე.

სპეციალისტთა განცხადებით, სახლის პირობებში რძის პასტერიზების რეჟიმს გვერდს უვლიან და ნედლი რძიდან ამზადებენ ყველს, რაც საშიშია. პასტერიზაცია ნიშნავს რძის გაცხელებას იმ ტემპერატურაზე, რა ტემპერატურაზეც ჩვენთვის არასასურველი ე.წ. ბიოლოგიური აგენტები იღუპებიან.

ნედლი რძისგან მიღებული ყველი დიდ რისკთან არის დაკავშირებული. არაპასტერიზებული ყველა იმ დაავადებას შეიცავს, რაც შესაძლოა საქონელს ჰქონდეს. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება საქართველოში ბრუცელოზია, რომელიც ხშირად იფეთქებს ხოლმე ცხოველებში.

ბრუცელოზი საშიში ინფექციური დაავდება, რომლითაც ძირითადად შინაური ცხოველები ავადდებიან. ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანების ბრუცელოზით ინფიცირება ცხოველთან კონტაქტისას ან მისგან მიღებული პოდუქტისგან ხდება, განსაკუთრებით საშიშია მისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები. ბრუცელოზის კლინიკური სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს გამოკვლეული 65 626 ცხოველიდან 1 002-ს ბრუცელოზი აღმოაჩნდა.

"როდესაც საკვებს ვყიდულობთ, ისეთ ადგილას მაინც უნდა ვიყიდოთ, სადაც ეს წესები დაცულია. თუ შეძენილ პროდუქტს ვერ ვხარშავთ, იმ გამყიდველს უნდა ვენდოთ, სადაც ის შევიძინეთ. თავი უნდა შევიკავოთ საეჭვო ადგილებში პროდუქციის შეძენისგან“, - აცხადებენ სპეციალისტები.

ცნობისთვის: აშშ-ის 20 შტატში ნედლი რძით დამზადებული პროდუქტების გაყიდვა აკრძალულია, ევროპაში არაპასტერიზებული რძის პროდუქტებს დამატებითი ეტიკეტი უნდა ჰქონდეს, დიდ ბრიტანეთში კი არაპასტერიზებული რძის შეძენა მხოლოდ ფერმებშია შესაძლებელი.

ყველის არჩევისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ყველი უნდა იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული, რაც უსაფრთხოების გარანტიაა;
  • უნდა იყოს შეფუთული და ეტიკეტირებული, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა პროდუქტს ყიდულობს;
  • ყველის გადანაჭერის ოდნავ მოყვითალო ფერი მის ცხიმიანობაზე მიუთითებს. ცხიმიანი ყველი კი უფრო გემრიელია. თუმცა სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა მომხმარებლის მოსატყუილებლად ყველში ყვითელ საღებავს უმატებენ. ასეთი ფალსიფიკაციის გამოსაცნობად დაუკვირდით ყვითელი შეფერილობის განაწილებას გადანაჭერზე: საღებავით დამუშავებულ ყველს კიდეები უფრო მუქი აქვს, ვიდრე შიდა ნაწილი ან იგი არათანაბარი შეფერილობისაა. ჩვეულებრივ ცხიმიან ყველს კი - პირიქით, მუქი აქვს შიდა ნაწილი და თანაბარი შეფერილობისაა
  • კარგი ხარისხის ქარხნულ ყველი გადანაჭერზე ერთგვაროვანი სტრუქტურისაა, თანაბარი ნასვრეტებით. იგი არ უნდა იყოს ფაშარი და ფშვნადი. მისი ზედაპირი უნდა იყოს მაგარი და ერთგვაროვანი, ნახეთქების ან თეთრი ნაფიფქის გარეშე. ყველის ზედაპირი არ უნდა იყოს ტენიანი ან წებვადი (სლიკინა);
  • არ შეიძინოთ ყველი, რომელსაც კანზე ობი აქვს მოკიდებული ან კანი ჩამოჭრილი აქვს.
  • იმერული ყველი და სულგუნი რბილი, დრეკადი, პლასტიკური უნდა იყოს. სულგუნზე თითის მსუბუქი დაჭერისას უნდა ჩნდებოდეს რძის წვეთები.

"31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია" - მარინა ეზუგბაია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია

საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს