არც ხმა შესცვლია, არც საუბრის მანერა, არც ინტონაცია, ისევ ბოლოკასავით ხალისიანი და სიცოცხლით სავსე საუბარი აქვს. ოღონდ ესაა, რომ "ღიმილის ბიჭი" - გოჩა ლომია უკვე შევერცხლილა და თვალების ირგვლივ ნაოჭიც გასჩენია.
ყველასათვის საყვარელი ბოლოკა დღეს 2 შვილიშვილის ბაბუაა. ჟურნალ გზასთან ინტერვიუში იგი მშობლიურ ქალაქზე, ოჯახსა და ცხოვრების გზაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- 15 წლის ვიყავი, "ღიმილის ბიჭებს" შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს... 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. "გარადოკის" სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც მე დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპინებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო - გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი.
მიმიყვანეს პიონერთა სახლში, თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. - კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. - ეგ ვის არ უნდა მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ლექსი წაგვიკითხეო. - ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...