ვასკა გოგიშვილს გორში დეკორატიული ფრინველების მინი-ფერმა აქვს.
ფერმაში ჭარბობენ აბრეშუმის ქათმები. ჩინური წარმომავლობის ეს ჯიში ერთადერთია მსოფლიოში, რომლის წარმომადგენლებიც ადამიანებს არ უფრთხიან.
- წლის განმავლობაში სხვადასხვა დეკორატიული ფრინველი მყავს. ბოლო დროს ექვსი ჯიშის ფრინველი მყავდა და ნახევარი გავყიდე. ამ ეტაპზე სამი ქათმის ჯიშიღა დამრჩა - აბრეშუმის, ჰოლანდიური და სებრაიტის. ქათმები სამ ჯგუფად იყოფიან - მეხორცულ, მეკვერცხულ და დეკორატიულ ფრინველებად. სიმართლე გითხრათ, დეკორატიული ჯიშების მოშენება ადგილის სიმცირის გამო დავიწყე.
საქმიანობას ხუთი წლის წინ შევუდექი. პირველად ხოხბებით დავიწყე, შემდეგ მეგობარმა აბრეშუმის ქათმის 10 კვერცხი მაჩუქა. მაშინ სულ რამდენიმე ადამიანს გვყავდა ეს ჯიში საქართველოში, საზღვარგარეთიდან აბრეშუმის კვერცხების შემოტანაც ყოველთვის ძნელი იყო. მე რუსეთიდან შემომაქვს. შემდეგ, ბუნებრივი მეთოდით, კრუხს ვაჩეკინებ და ვზრდი.
შემომყავს ისეთი ფერისა და ჯიშის ფრინველები, რომლებიც ჩვენთან იშვიათია. კვერცხს აწერია კოდი და სასურველ ფერს ყიდულობ - ორაგულისნაირი (ე.წ. ლოსოსევის), შერეულ-ლაქებიანი, ოქროსფერი და ყელტიტველა აბრეშუმის ქათმები მხოლოდ მე მყავს.
- რა გიჯდება მათი მოვლა-პატრონობა და რამდენად ძნელი მოსავლელი არიან?
- ძირითადად, სიმინდისა და ხორბლის ღერღილით ვკვებავ. საჭმელში პერიოდულად ვიტამინებს ვურევ. მით უმეტეს, თუ ფრინველი ვოლიერშია და გარეთ იშვიათად გამოდის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიტამინები აუცილებელია. რაც შეეხება შენახვის ხარჯს, გააჩნია სახეობასა და ასაკს. თუ ფრინველები ყოველდღიურად ნედლ ბალახსა და ჭიაღუას ჭამენ, მათი შენახვა გაცილებით იაფია. მე, მაგალითად, ექვსი ჯიშის 30-მდე ფრინველი თვეში 80 ლარი მიჯდებოდა. აცრებისთვის ვეტექიმი მომყავს, გაყიდვით კი, ძირითადად, ინტერნეტით ვყიდი. განაგრძეთ კითხვა