საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი

საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი

საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია და როგორც ცნობილი ხდება, ის პოლიციამ ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დაკარგული ბიჭი გუშინ ღამით იპოვა.

არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა პოლიციაში. აღნიშნული პირი ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო და ის მამის სახლში, სოფელ ზემო ქედში პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა. მას ბრალდება ქურდობა იმ ფერმაში, სადაც მუშაობდა.

"ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.

ქურდობის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ არასრულწლოვანის ოჯახის წევრები. როგორც დაკავებულის დამ, ლია გიგაურმა განაცხადა, მის ძმას ხელფასი არ გადაუხადეს, ამიტომ ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა.

"აბრალებენ, რომ ცხენი მოიპარა. არ მოუპარავს. ბავშვს ხელფასი არ გადაუხადეს და რადგან ტრანსპორტი არ ჰქონდა, ცხენზე შეჯდა და წავიდა", - განაცხადა გიგაურმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში.

ფერმის მეპატრონე კი არასრულწლოვან ბიჭს ცხენების ქურდობასთან ერთად ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ზალიაშვილმა განუცხადა, ბიჭმა მისი ფერმიდან ცხენსა და კვიცთან ერთად 150 ლარიც მოიპარა. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, რომ ფერმის ხელმძღვანელებმა ხელფასი არ გადაუხადეს, ზალიაშვილის თქმით, ოჯახმა თვითონ სთხოვა, რომ რამდენიმე თვის ხელფასი ერთიანად მიეცა, რათა ყოველთვიურად არ დახარჯვოდა.

"არანაირი ზეწოლა და დაპირისპირება მასთან არ ყოფილა. ცხელსა და ცივს არ ვაკლებდით, 200 ლარი ჰქონდა ხელფასი. თვითონვე გვთხოვეს, რომ ყოველთვიურად არ მიგვეცა ფული, რომ არ დახარჯვოდა. დაინახეს, როცა ცხენი და კვიცი მიჰყავდა. პურის საყიდლად მივდივარო თქვა. თვითონვე აღიარა დანაშაული, ჩვენება წუხელისვე მისცა", - განაცხადა ზალიაშვილმა.

არასრულწლოვანი ცხენების ქურდობის საქმეზე სოცმუშაკის თანდასწრებით დაიკითხა. შსს ინფორმაციით, ცხენების დაკარგვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

"არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცხენები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა