ლადო გუდიაშვილის სატირული გრაფიკის გამოფენა თიბისი გალერეაში

ლადო გუდიაშვილის სატირული გრაფიკის გამოფენა თიბისი გალერეაში

ლადო გუდიაშვილის ფონდისა და თიბისი ბანკის ორგანიზებით, თიბისი გალერეაში მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა.

სატირულ გრაფიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში. მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში მხატვარმა ამ ჟანრში მრავალი ნახატი შექმნა. ტონირებულ ქაღალდზე ტუშითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევრები მხატვრის ცხოვრებაში საკმაოდ რთულ პერიოდს ემთხვევა, როცა საბჭოთა რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და ქვეყანაში რეპრესიების ხანა იდგა.

თიბისი გალერეაში გამოფენის გახსნას სხვადასხვა მოწვეულ სტუმართან ერთად თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს, რომელმაც კიდევ ერთხელ მისცა საშუალება საზოგადოებას იხილოს ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები. გუდიაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია და წარმოუდგენელია, როგორ შეეხო ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს გუდიაშვილი, რადგან ეს დიდ გამბედაობას საჭიროებდა. მან რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავი, რადგან იმ რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი იყო ასეთი სერიის შექმნა“ – განაცხადა გამოფენის გახსნისას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ

„პირადად ჩემთვის ეს სერია ძალიან საინტერესოა. ნამუშევრებში ასახულია საბჭოური რეჟიმისა და რეპრესიების პერიოდი. ლადო გუდიაშვილი ასეთი თამამი შესრულებით გამოხატავდა თავის პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ვფიქრობ, თიბისი გალერეაში ძალიან საინტერესო ექსპოზიცია წარმოვადგინეთ“, - მამუკა ხაზარაძე

ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები, რომელიც საოცარი შესრულებითა და განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, გამოხატავს როგორც პროტესტს სტალინის ეპოქის მიმართ, ასევე ფაშიზმის წინააღმდეგ გალაშქრებაა. ის ადამიანის თავისუფლების იდეას ეფუძნება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს, რადგან ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის გუნდს მიეცა საშუალება, კიდევ ერთხელ გააცნოს საზოგადოებას მხატვრის შესანიშნავი ნამუშევრები. გამოფენის თემა მარადიულია. ეს ციკლი წარმოადგენს მეოცე საუკუნის შემოქმედებით მემკვიდრეობას. ეს არ არის მხოლოდ ლადოს ნახატები, ეს ეძღვნება მთლიანად იმ პერიოდის თაობას“ - განაცხადა „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის“ ხელმძღვანელმა და მხატვრის შთამომავალმა ანანო ლორთქიფანიძემ.

თიბისი გალერეაში სატირული გრაფიკის ციკლიდან 35 ნახატი გამოიფინა, დამთვარიელებელს მათი ნახვა 10 მაისამდე შეუძლია.

მხატვრის ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია კი „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზშია“ წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ ნახატების დათვალიერებასთან ერთად, რომელიც ხელოვნების საუცხოო ნიმუშებია, ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ გაეცნონ მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ეკა გადახაბაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი