"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება

"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების შესახებ გავრცელებულ კადრებს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში მოძრაობა "ახალი საქართველოსათვის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა, მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოს მიხედვით, ტბასთან ახლოს მდებარე ხეების უმრავლესობას ძირი დამწვარი აქვს.  ხაბეიშვილის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ხეები ვიღაცის ბიზნესინტერესებს ეწირება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ.

ქალაქის მერი ოპონენტების განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხეები ლისის ტბაზე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

"ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში, ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როცა დეზინფორმაციებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, საერთოდ, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია "ლისი დეველოპმენტი", რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მფლობელია, აცხადებს, რომ ხეების დაწვა მინდვრის სეზონურ ხანძრებს უკავშირდება, რასთანაც მათ ყოველწლიურად უწევთ ბრძოლა:

"ლისი დეველოპმენტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მიზანმიმართულ ვანდალურ აქტს ხეების დასაზიანებლად. კომპანია დაარსების დღიდან ათასობით ხეს რგავს და ზრუნავს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამწვანებაზე. კომპანიამ ბოლო 3 თვის განმავლობაში 3000-ზე მეტი ხე დარგო. ჩვენ ყოველწლიურად გვიწევს ბრძოლა მინდვრის სეზონურ ხანძრებთან, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2016 წლის სექტემბერში გამოვლინდა; ამ ფაქტს რეაგირება მოყვა შსს-ს და მერიის მხრიდან და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამავე წელს კომპანიამ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს, რადგან მომხდარიყო დაზიანებული ხეების შესწავლა, მომზადდა ოფიციალური დასკვნა აღნიშნული ხეების მდგომარეობის შესახებ" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი