ვილინიუსში ადგილობრივებმა უკვე რამდენიმე წელია კარგად იციან ქართული სახაჭაპურე Chačapuri-ის შესახებ.
თუმცა ამის მიუხედავად, ხაჭაპური ლიტვის დედაქალაქში ძირითადად მაინც ეგზოტიკურ სიახლედ მიიჩნევა, რის შეცვლაზეც ქართული სახაჭაპურის დამფუძნებლები აქტიურად მუშაობენ. პირველი სახაჭაპურე ვილნიუსში 2012 წელს გაიხსნა. სანდრო ვეკუა კი მის მმართველ გუნდს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა.
"ჩემი ძმა სამაგისტრო პროგრამით ჩავიდა ვილნიუსში. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალწლიანი გამოცდილება ქონდა ბიზნესში და სწავლის პარალელურად, დიდი სურვილი ქონდა, საკუთარი საქმე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წამოეწყო. თუმცა ეს ყველაფერი იმაზე 100-ჯერ უფრო რთული გამოდგა, ვიდრე იდეებში და შემდეგ უკვე ბიზნეს-გეგმაში იყო განსაზღვრული," - ამბობს სანდრო ვეკუა.
თავად სანდრო ძმას ოდნავ მოგვიანებით, საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ შეურთდა.
"სწავლის პარალელურად, სხვადასხვა სექტორში განსხვავებულ თანამდებობებზე ვმუშაობდი. ყველა ადგილიდან ბევრი ცოდნა და გამოცდილება წამოვიღე, მაგრამ არ ვიყავი მთელი გულით ჩართული იმაში, რასაც ვაკეთებდი. ეს კი, ალბათ, ერთი მხრივ, გამოუცდელობიდან გამომდინარეობდა და მეორე მხრივ, იქიდან, რომ ყოველთვის ვიყავი დაქირავებული თანამშრომელი," - ამბობს სანდრო, რომელიც ამჟამად კომპანიის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერია.
Chačapuri მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ხაჭაპურს სთავაზობს. ასევე აქვთ ექსკლუზიურად შემუშავებული რეცეპტები, რომლებიც ადგილობრივი მომხმარებელის გემოვნებაზეა მორგებული.