"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"

"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"

დიდი წარდგენა არ სჭირდება საქართველოს სახალხო არტისტს, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს. ენამოსწრებულ გურულს ღიმილის მომგვრელ ხუმრობებს რა დაულევს?! გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

"რა გვარისა ბრძანდებით?"

- ერთი უფროსი მეგობარი მყავდა, თენგიზ გოგოტიშვილი, ცნობილი კაცი, შესანიშნავი მუსიკოსი და მოქალაქე (ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა). მეგობრის ოჯახში ვიყავით მიწვეული. თენგიზის გვერდით ერთი მშვენიერი გოგონა იჯდა, მოკლე კაბით. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი ძალზე პატიოსანი კაცი გახლდათ, დროდადრო მაინც გაურბოდა თვალები ზომიერად ჩაპუტკუნებული გოგონას მოქათქათე, დაუფარავი მუხლისთავების ზემოთ. - გოგონი, რა გვარისა ბრძანდებით? - ჰკითხა თენგიზმა. - კალმახელიძე, ბატონო, - უპასუხა ქალიშვილმა. - რა ვქნა, მე მაინც ბარკალაია მგონიხართო, - გაშალა ხელები კაცმა.

ჩემი გუნდი

- 1996 წლის 26 მაისს, ჩემს გუნდთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ ვიდექი. მოულოდნელად მოედანზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით. შეგვამჩნია და წამოვიდა ჩვენკენ. მოგვესალმა, მოგვილოცა დღესასწაული. შემდეგ, თითქოს შემოგვჩივლა - "ძალიან მიყვარს სიმღერა. მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგა", - და ცერა თითით, მის ზურგს უკან მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა. მინდოდა მეთქვა, - ბატონო ედუარდ, ჩემი გუნდი მე თვითონ შევარჩიე-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.

"კტო ტამ?"

- ნაბახუსევზე ხაშს მივირთმევდით. ბატონი ბიძინა კვერნაძის გვერდით მჯდომი კაცი ხაშს ხვნეშით შეექცეოდა. ჭამა დაამთავრა, თუმცა ძვალს, რომლის შუაგულში ტვინი ეგულებოდა, ვერაფრით შეელია. ძვალი ჯერ მეზღვაურის ჭოგრიტივით ეჭირა ხელში და გასცქეროდა, შემდეგ ნათურისკენ შებრუნდა და მონადირე რომ თოფის ლულას ჭვრეტს დიდი ხნის მანძილზე, ისე უჭყიტინებდა. ასე რომ ვერაფერი გააწყო, ხან დანით, ხან ჩანგლით, ხან რით და ხან რით დაიწყო გაუთავებელი კაკუნი. უხერხულ, დაძაბულ სიტუაციაში გაისმა ბიძინას შეწუხებული ხმა: "კაცო, სანამ მაქედან ვინმე არ დაგიძახებს, "კტო ტამო", მანამ არ დაანებებ მაგ ძვალს თავს?" (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 4 მაისის ნომერში)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი