162-ე სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.
როგორც 162-ე სკოლის პედაგოგმა, ხათუნა ქეტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით დირექტორმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და სკოლა ფაქტის წინაშე დააყენა.
პედაგოგები აცხადებენ, რომ მოსწავლეები და მშობლები გაფორმებული მემორანდუმის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ, შესაბამისად პედაგოგთა კოლექტივი მემორანდუმის გაუქმებას მოითხოვს.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.
მისი თქმით, თავად 162-ე სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან თანამშრომლობა. გიგაურის თქმით, თავად სკოლების გადასაწყვეტია, ვისთან ითანამშრომლებენ და ვისთან არა.
"2 დღის წინ სკოლის დირექტორებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ფართო ფორმატის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ ფართო ფორმატის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობა უნდა განსაზღვრულიყო სწორედ იმ ხელშეკრულებებით, რომელიც სკოლების შეთანხმების საფუძველზე დაიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების და მშობლების გარკვეულ ჯგუფს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. მათ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რატომღაც გააკეთეს დასკვნა, რომ სკოლა გარკვეული რისკის ქვეშ არის. თანამშრომლობა ორივე სკოლის სურვილით უნდა ხდებოდეს. იმსჯელებს სკოლა და მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდათ თუ არ უნდათ თანამშრომლობა. თუ არ უნდათ, შეუძლიათ მიიღონ მემორანდუმის გაუქმების გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, 162-ე სკოლაში არც ოპტიმიზაცია და არც უშუალოდ სკოლის გაუქმება არ იგეგმება.
თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დილიდან სწავლის პროცესი ჩაიშალა. პედაგოგების განცხადებით, ისინი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები 162-ე სკოლაში ივლიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, პირველი ექსპერიმენტული სკოლა ვერ იტევს ორზე მეტ პირველ კლასს, რისი საშუალებაც 162-ე სკოლას აქვს და სწორედ ამის მიხედვით გაფორმდა მემორანდუმი. სამინისტროში განმარტავენ, რომ 162-ე სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ჯგუფები ისეთივე პროგრამით ისწავლიან, როგორც პირველ ექსპერიმენტულში.
პედაგოგები შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია 162-ე სკოლაში მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია.
აღნიშნულ სკოლებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალესანდრე ჯეჯელავაც. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპტიმიზაცია არც ამ და არც სხვა სკოლებში არ იგეგმება.
"სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმით ოპტიმიზაცია არ იგეგმება, არამედ ვცდილობთ, სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. ამ პედაგოგებს დაახლოებით 7 შეხვედრა ჰქონდათ აღნიშნულ მემორანდუმთან დაკავშირებით და ძალიან დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ამ შეთანხმების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ, სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. ამ დღეებში კვლევის პრეზენტაცია გვექნება და ნახავთ, რომ თბილისის სკოლებს შორის სასაწავლო შედეგების თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავებაა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობ, რომ თუ რაიმე მიგნება გვაქვს რომელიმე სკოლაში გვერდით სკოლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ამ მიგნებით ისარგებლონ. ასევე უკვე წლებია, კომაროვის სკოლა რეგიონებში ასეთ პარტნიორობას ახორციელებს იგივე შაბათის სკოლის პროექტით და ა.შ. ჩვენ გვგონია, რომ ის პრინციპი და პრაქტიკა, რომ სკოლებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ, გრძელვადიან პერიოდში მოიტანს ხარისხობრივ გაუმჯობესებას. რაც შეეხება იმას, რომ ხალხს ეშინიათ რაღაცის, სამწუხაროდ, წარსულში წინა ხელისუფლების პერიოდში, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა პედაგოგებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან შეუთანხმებლად, ამიტომ ეს შიში ალბათ, იქედან მოდის. ამ შემთხვევაში მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ყოველგვარი ოპტიმიზაცია და რაიმე ნეგატიური შედეგები გამოვრიცხოთ ამ პროექტის ფარგლებში. სკოლები დარჩებიან დამოუკიდებელი, ვცდილობთ, რომ ჯგუფური პარტნიორობა გავაკეთოთ, რომლითაც ეს სკოლები ერთმანეთს დაეხმარებიან პედაგოგების, სასწავლო პროცესის განვითარებაში, დამატებითი პროდუქტების შემუშავებაში და ა.შ. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ კერძო და საჯარო სკოლებიც იქნებიან მომავალში ასეთ პარტნიორობაში. ანუ საჯარო სკოლები ერთმანეთთან, კერძო სკოლები ერთმანეთთან და ასევე საჯარო და კერძო სკოლები ერთამენთთან“, - განაცხადა ჯეჯელავამ.