საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში - მოკლედ, პირველი დღის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დღეს დაიწყო. განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელიც 3 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა, პირველი შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართა.

განხილვას ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მოსახლეობა, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი, ასევე საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მანდატების განაწილების საკითხი - ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხები.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას წარმოადგენდნენ: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, თენგიზ შარმანაშვილი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვას ამის გამო ვერ დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით, დეტალურად გააცნო და ყველა იმ ძირითად ცვლილებაზე უსაუბრა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ხორციელდება.

"ჩვენ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით, ეს არის ამ ცვლილებების მთავარი ამოცანა"- განაცხადა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასაწყისში და ის სამი ძირითადი ამოცანა დაასახელა, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო ცვლილებები.

"მთავარი ამოცანა არის ჩვენ ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი მმართველობის სისტემა. მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის დაცული ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით. ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებს. 2010 წელს მოცემული შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე ამოცანა არის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დახვეწილი მმართველობის სისტემა. 2010 წელს გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა ეს გაკეთდა ძალიან არასწორი ფორმით. ჩვენ გვაქვს დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა, რასაც განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც ჩადებულია მოქმედ კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა. ასევე, მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური და რედაქციული თვალსაზრისითაც კი.

მესამე ამოცანა არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში. ჩვენი ახალი რედაქციით, ეს სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ახალ საარჩევნო სისტემის შემოღებასა და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას დეტალურად განუმარტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ე.წ. ბონუსის დანერგვის ახალი წესი. პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საარჩევნო სისტემა პლურალიზმის მაღალ სტანდარტად შეაფასა. მან პროპორციული სისტემის ნაკლოვან მხარეებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად სტაბილურობის ნაკლები გარანტიები დაასახელა.

ეს იყოს ის ძირითადი საკითხი, რომლის გარშემო დებატები გაიმართა. როგორც ცნობილია არც ერთი ოპოზიცური პარტია მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ წესს მხარს არ უჭერს და ეს დღევანდელ განხილვაზეც დაფიქსირდა.

"ეს კონსტიტუცია თქვენ არ დაგიწერიათ, ეს ვიღაცის სახლში დაიწერა, თქვენ შემოაგდეთ ხალხში და ამის მიღებას ცდილობთ, - ასე მიმართა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა მამუკა აჩბამ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

როგორც მამუკა აჩბამ აღნიშნა, ის დარბაზში ხედავს პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წარმომადგენლებს და სწორედ აღნიშნულ რესურსს იყენებენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს.

"მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. იმ ცვლილებებით, რომლის შემოღებასაც თქვენ ცდილობთ, 150-მა და 150-მა ხმოსანმა უნდა იარჩიოს პრეზიდენტი. თუკი მიტაცებული მანდატებით, ერთი რომელიმე პარტია ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, პლუს ამას საკრებულოებს დღევანდელი მდგომარეობით ხელისუფლების წარმომადგენლობის უმრავლესობა განაგებს, მაშინ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი ვისი იქნება - ამ ხალხის თუ თქვენი?! გაგვაგებინეთ და აგვიხსენით. ეს არის უზურპაცია ხელისუფლების, რომლის პასუხისმგებელი თქვენ, ბატონო ირაკლი, ვერასდროს იქნებით, რადგან ეს კონსტიტუცია თქვენ არ დაგიწერიათ, ეს კონსტიტუცია ვიღაცის სახლში დაიწერა, თქვენ შემოიტანეთ, "შემოაგდეთ" ხალხში და ამის მიღებას ცდილობთ", - განაცხადა მამუკა აჩბამ.

რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, ქუთაისის მოსახლეობა დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მეტად სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ასევე ქალაქიდან მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში.

კობახიძე ქუთაისელებს დაპირდა, რომ კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ქუთაისს დატოვებს. მისი თქმით, საუბარია ქუთაისის მიერ ახალი ფუნქციის შეძენაზე, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია ქალაქის აკადემიურ ფუნქციასთან.

საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი. განხილვები 15 მაისს დასრულდება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა - როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები