სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

სამხედრო სწავლება, რომელმაც 43 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიწირა - როგორ გამოსცადა ატომური ბომბი სსრკ-მა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

კაცობრიობის ისტორიაში იარაღს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მსოფლიო ისტორიას, რომ გადავხედოთ, არც ერთ სფეროსა თუ დარგში არ დახარჯულა იმდენი ფული, რამდენიც ადამიანის მოკვლის ახალი მეთოდების მოძიებაზე.

გასული საუკუნის 40-იან წლებში ომების წარმოების საშუალებები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ატომური იარაღის გამოგონებამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. ღილაკის ერთი დაჭერით დედამიწის ზედაპირიდან ქალაქისა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის გაქრობა გახდა შესაძლებელი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში ბირთვული იარაღი მთავარ როლს ასრულებდა. მხარეები ზრდიდნენ ბირთვულ არსენალს და ერთმანეთის დაშინებისთვის ატომური ბომბების გამოყენებით ახალ-ახალ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

63 წლის წინ, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტისას, სსრკ-მა ატომური ბომბი საკუთარ მოქალაქეებზე გამოსცადა. 1954 წლის 14 სექტემბერს, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოცკის პოლიგონზე საბჭოთა არმიამ ატომური ბომბის გამოყენებით მასიური სამხედრო სწავლება ჩაატარა. წვრთნებში 45 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

წვრთნების მიზანი ატომური ბომბის გამოყენებით მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდის გარღვევაში მდგომარეობდა. ადგილიც საგანგებოდ შეირჩა. ტოცკის პოლიგონის მიდამოები რელიეფით დასავლეთ ევროპას ძალზე წააგავდა. ადგილს, სადაც იმდროინდელი მოსაზრებებით მესამე მსოფლიო ომი უნდა გამართულიყო.

სწავლების ხელმძღვანელად მარშალი ჟუკოვი დანიშნეს. წმინდა სამხედრო ფუნქციის გარდა, წვრთნებს მეცნიერული დატვირთვაც ჰქონდა. უნდა შესწავლილიყო რადიაციისა და ატომური აფეთქების სხვა თანმხლები ფაქტორების ზემოქმედება სამხედრო ტექნიკაზე, შენობა-ნაგებობებსა და პირად შემადგენლობაზე.

1954 წლის 14 სექტემბერს ბომბდამშენმა პოლიგონზე 40 კილოტონა სიმძლავრის ატომური ბომბი ჩამოაგდო, რომელიც მიწიდან 350 მ-ის სიმაღლეზე აფეთქდა.

დაახლოებით 7-8 წუთში წარმოქმნილმა ატომურმა სოკომ 15 კმ-ის სიმაღლეს მიაღწია. სწავლების სცენარით, ატომური აფეთქების მიდამოები ჯერ არტილერიამ, შემდეგ კი ავიაციამ დაბომბა. ამის შემდეგ, ატომური ბომბით განადგურებული მოწინააღმდეგის პირობითი პოზიციების დაკავებისთვის და მასიური შეტევის დაწყებისთვის, აფეთქების მიდამოებში ტანკები, ჯავშანტექნიკა და ქვეითი ჯარისკაცები გაეშურნენ.

ნაკლებსავარაუდოა, რომ სწავლებაში მონაწილე 45 ათასი ჯარისკაცის ჯანმრთელობა მაშინ ვინმეს აღელვებდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ადგილას რადიაციის სიდიდე დასაშვებ ნორმას რამდენიმე ათეულჯერ აღემატებოდა, სწავლება გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პირადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა რადიაციის სასიკვდილო დოზა სწავლების დაწყების პირველივე საათებში მიიღო. სსრკ-სთვის ჩვეული წესების თანახმად, სწავლება მაშინვე გაასაიდუმლოეს და მის ყველა მონაწილეს სამხედრო საიდუმლოების შენახვის 25 წლიანი პირობა ხელწერილით ჩამოართვეს.

რუსული პრესა ტოცკის ატომურ სწავლებებზე მხოლოდ 1993 წელს ალაპარაკდა. რეალურად არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა სხივური დაავადებისგან. სწავლებისგან ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაც დაზარალდა. შემდგომი 50 წლის განმავლობაში, ტოცკის პილოგონის მიდამოებში 3-ჯერ შემცირდა შობადობა, თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ახალშობილებში თანდაყოლილი ანომალიების რიცხვი. გაიზარდა სიმსივნეებისა და გენური მუტაციების შემთხვევები.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე