ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

ავარიების რაოდენობით, საქართველო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, ავარიების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იმატებს და შესაბამისად, იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. მარტო 2016 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 9951 დაშავდა (581 ადამიანი გარდაიცვალა). ერთ-ერთი შემზარავი ავარია ორიოდე კვირის წინ, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა და მან 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით სახიფათო გზები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

- ამ საკითხზე მხოლოდ ვა­რაუდით შეგვიძლია ლაპარაკი, რად­გან ჩვენთან სახიფათო გზების დეფინიცია არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი გზები ანუ "შავი წერტილები" არ არის. როდესაც ერთსა და იმავე ადგილას ავარიები ხდება, იქ უნდა გადიოდნენ სხვადასხვა სახის ექსპერტები და ადგენდნენ, რას უნდა დავაბრალოთ ეს? სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კვლევები ჩვენთან არ მიმდინარეობს. უცხოეთში ე.წ. შავი წერტილის არსებობის შემთხვევაში, მძღოლს ატყობინებენ, რომ ის საშიშ ზონაში შედის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ადამიანები იღუპებიან. ასეთმა გაფრთხილებამ ძალიან ბევრ ადგილას გამოიღო ნაყოფი, რადგან ემოციური ფაქტორი დიდ როლს ასრულებს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მძღოლების მთავარი პრობლემა მაღალი სიჩქარით მოძრაობაა. ყველაზე ტრაგიკული შემთხვევები სწორედ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება, გაუმართავი გზები და ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამატებითი ფაქტორებია. როდესაც მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, ის უფრო ადვილად აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენი მძღოლების უმრავლესობა დადგენილ ნორმებსა და ლიმიტს არ იცავს. თანაც, ჩვენს გზებზე არც ერთი მონაკვეთი არ არის ისე განვითარებული, რომ იქ დიდი სიჩქარით მოძრაობა შეიძლებოდეს. ამიტომ, ასეთ მონაკვეთებზე უნდა იყოს რადარები, ჩამწერი მოწყობილობები, კამერები და ა.შ... მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ მას აკონტროლებენ.

ბევრი ქართველი ყველა საშუალებას იყენებს, ოღონდ წესები დაარღვიოს, ამიტომ, ყველა სარისკო მონაკვეთზე უნდა იყოს რადარი და სპეციალური კონტროლი. სახიფათო ადგილები კი საქართველოში მართლაც არის. მაგალითად: ბათუმში ასეთი საშიში ადგილია ტბელ აბუსერიძის ქუჩა. დღე არ გავა, რომ იქ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს. ე.ი. იქ რაღაც ხდება. ჩვენ მივუთითეთ ბათუმის მერიას, რომ ყურადღება მიექცია ამ ქუჩისთვის და იქ მართლაც გაუშვეს სპეციალისტები, მაგრამ სხვა არაფერი გაუკეთებიათ. არადა, ასეთ სახიფათო მონაკვეთებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სიჩქარის კონტროლი და ბევრი სხვა რამ. არანაკლებ სახიფათო ადგილია ბელიაშვილის ქუჩა თბილისში - შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი სასიკვდილო ხეივანივითაა. ყველა მძღოლი იქ თავს უფლებას აძლევს, მაღალი სიჩქარით გადაადგილდეს. რატომ? - იმიტომ, რომ სიჩქარის მკაცრი კონტროლი არ ხდება. შეზღუდვების მთელი კომპლექტი უნდა არსებობდეს, რომ მძღოლს საგზაო წესების დარღვევის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია ქუთაისის შემოვლით გზაზეც. საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა იქ კამერებისა და რადარების დაყენება ავარიების რისკის შესამცირებლად? ასევე, სარისკო ადგილია თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. უმძიმესი სიტუაციაა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც შუქნიშნები მოუწესრიგებელია. ასე რომ, სახიფათო გზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ უკვე ვსწავლობთ ასეთ მონაკვეთებს და უახლოეს პერიოდში დაწვრილებით შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ.

ავარიები და ავტოსაგზაო შემთხვევები ყველა მონაკვეთზე ხდება, ასეთი "შავი წერტილები" ყველა ქვეყანაშია. არის თუ არა ეს შემთხვევები ინფრასტრუქტურის ბრალი, ეს ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც 160-180 კილომეტრის სიჩქარით მიდიხარ, ყველაზე გამართულ, თანამედროვე გზაზეც კი შეიძლება, ავარია მოგიხდეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი