ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებენ

ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებენ

საქველმოქმედო ფონდ "ღვთის შვილების" ხელმძღვანელი, გოგიტა მურცხვალაძე მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებს. "გთხოვთ ყველას! უარი თქვით ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე, გაერიდეთ ამ საძრახის და ცუდ საქმეს" - ამ მოთხოვნით მურცხვალაძემ თბილისში პარლამენტთან გამართა აქცია.

მისი თქმით, სახლ-მუზეუმის მშენებლობა გერმანიის მხრიდან ფინანსდება. მურცხვალაძემ გერმანიის ელჩს შესაბამისი წერილით უკვე მიმართა და სთხოვა, რომ პროექტზე მუშაობა შეჩერდეს. პროტესტის მიზეზად კი ედუარდ შევარდნაძის მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს:

"ვაპროსტესტებ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას. ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან შევარდნაძეების ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის დაინვალიდებაში და ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის ძალიან მიუღებელი იყო რომ ამ ადამიანს, რომელმაც საქართველო გააუბედურა, დღეს ხალხის გარკვეული ნაწილი სახლ-მუზეუმს უხსნის. მოვითხოვ, რომ დეპუტატებიდან დაწყებული, ამ საქმეში ყველა ჩაერიოს. შევარდნაძის სახლ-მუზეუმი არ უნდა გაკეთდეს, რადგან ამ ადამიანს არამარტო ჩემი ოჯახის მიმართ, არამედ ათეულობით, ასეულობით ოჯახის მიმართ ათასგვარი ცუდი რამ აქვს ჩადენილი", - განმარტავს ის.

გოგიტა მურცხვალაძის თქმით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშისგან პირობა მიიღო, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შეხვდება ამ საკითხზე სასაუბროდ. მურცხვალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი პროტესტი არ დაკმაყოფილდება, ის აქციებს შევარდნაძის მიერ დაზარალებულ ოჯახებთან ერთად გააგრძელებს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამჟამად შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობის პროექტი. დავუკავშირდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის რწმუნებულ გელა პატეიშვილს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის სახლ-მუზეუმი მამა-პაპისეულ სახლში დაახლოებით ერთი წლის ვადაში მოეწყობა:

"ედუარდ შევარდნაძის მამაპაპისეული სახლი უკვე არის, თუმცა მას მუზეუმის სახე არ აქვს. ვაპირებთ, რომ სწორედ სახე მივცეთ და ამისი ინიციატივა თვითონ მოსახლეობისგან მოდის, შესაბამისად, ამ იდეის განხორციელებაში ისინიც დაგვეხმარებიან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ედუარდ შევარდნაძის მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, შექმნილია კომისია და ამ საკითხს ისინი კურირებენ," - განმარტა მან.

გელა პატეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა გერმანელი ტურისტებისგანაც მოდის, რომლებიც მამათს ხშირად სტუმრობენ, ექსპრეზიდენტის სახლს ათვალიერებენ და ინიციატივას გამოთქვამენ, რომ მან ფუნქციონირება სახლ-მუზეუმის სახით განაგრძოს:

"გერმანული მხარე სურვილს გამოთქვამს, რომ დახმარება გაგვიწიონ. სახელმწიფო დონეზე ამ საკითხზე მოლაპარაკება არ ყოფილა," - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამუშაოების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ედუარდ შევარდნაძის მამა-პაპისეული სახლი სოფელ მამათში ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და დაათვალიეროს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია