აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს

აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს

აფხაზეთში, ორი რუსი სამშვიდობოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, 2007 წლიდან ძებნილი გენადი ბლაბბა დააკავეს, რომელსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 2014 წლის თებერვალში, მან პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა და მას შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა "სისხლის სამართლის პასუხისგებაში". ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი ასლან კობახია აცხადებს.

17 მაისს, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპში, ე.წ. სამართალდამცველებმა, როგორც თავად აღნიშნეს, საშიში დამნაშავე დააკავეს. 2006 წლის აგვისტოს შეიარაღებული ბლაბბა, თანამოაზრეებთან ერთად, სოჭიდან სოხუმში მომავალ რუსი სამშვიდობოების ავტომანქანას დაესხა თავს, რომელთაც ბაზაზე რუსი სამხედროებისთვის დასარიგებელი თანხა მიჰქონდათ და შესაბამისად, შეიარაღებულიც იყვნენ.

გუდაუთის შემოსასვლელთან, რუსი სამხედროების ავტობუს ПАЗ- ს, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანაც მოჰყვებოდა, რომელშიც შეირაღებული სამხედროები ისხდნენ, უცნობი მანქანა დაეწია, საიდანაც მათ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, რუსი სამხედროების კუთვნილი მსუბუქის ავტომანქანის მძღოლმა მართვა დაკარგა და თხრილში ჩავარდა, ავტობუსმა კი გზა განაგრძო.

ავტობუსში მსხდომ რუს სამხედროებს, რომლებიც პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული, აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ. რუსებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, "რა დროსაც ორი რუსი სამშვიდობო მძიმედ დაიჭრა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დაჭრილები სოჭში გადააფრინეს, თუმცა, ისინი გზაშივე გარდაიცვალნენ." საბოლოოდ, ბლაბბას ჯგუფმა თანხის წაღება ვერ შეძლო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზები თანხის წაღებით არც იყვნენ დაინტერესებული...

თავიდან, აფხაზური მხარე წერდა, რომ ორი რუსი სამშვიდობო გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. არ გამორიცხავდნენ ერთმანეთში დაპირისპირებასაც. მაშინ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურებაც არ მოჰყოლია, რადგან იქამდე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბაზაზე, სადაც რუსი სამხედროები მსახურობდნენ, რამდენიმე მათგანი "გაურკვეველ ვითარებაში" გარდაცვლილი იპოვნეს. საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა და მალევე დაიხურა... რამდენიმე მათგანი, აფხაზეთიდან რუსეთში ფსიქიკური პრობლემებით გადაიყვანეს... ასე რომ, მაშინ ბლაბბას საქმეზე, აფხაზურ მხარეს, პრობლემები დიდად არ შექმნია.

მოგვიანებით, აფხაზეთში რუსი ჟურნალისტები ჩავიდნენ და რუსი სამშვიდობოების მკვლელობისა და სახელფასო თანხის გატაცების შესახებ საგამოძიებო მასალა მოამზადეს. მაშინ გენადი ბლაბბას დამკვალიანებლის ვინაობის შესახებ, რამდენიმე ვერსია გავრცელდა, - ერთ-ერთის თანახმად, მას ფულის გადატანის შესახებ ინფორმაცია რუს სამშვიდობოებთან დაახლოებულმა აფხაზმა მაიწოდა. სხვა ვერსიით, - ვერსიით, ბლაბბამ ამის შესახებ თავად რუსი სამხედროსგან შეიტყო...

ამ ფაქტზე ვრცელი მასალა მოამზადა ТАСС -მაც. მოკლედ, 2007 წელს ბლაბბას წინააღმდეგ აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით,ის დააკავეს კიდეც, მაგრამ 2014 წელს ციხიდან გაიქცა და მას შემდეგ ძებნაში იყო...

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას ინფორმაციით, ის მაშინ გაიქცა, როდესაც ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან შსს-ს ჰოსპიტალში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ. ასევე ირკვევა, რომ ბლაბბას საქმეში კიდევ სამი ადამიანი ფიგურირებს, რომელთაც თავისუფლების 12-14 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე