სტიქიის გამო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, სოსო ხახალეიშვილის თქმით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი, რომლებიც მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.
"რამდენიმე დღეა იმერეთში ძლიერი წვიმაა. უხვმა ნალექმა რეგიონს პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცირე ღვარცოფი ჩამოწვა, ასევე, ადიდდა მდინარეები. ამ დროის მონაცემებით, ყველა სახის გზა გაწმენდილია. მუნიციპალიტეტები და სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული", - განაცხადა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ძლიერი წვიმა იმერეთის რეგიონში რამდენიმე დღეა რაც გრძელდება, სინოპტიკოსები გამოდარებას მომდევნო დღეებშიც არ ვარაუდობენ.