როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"

როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"

რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის - "უდიპლომო სასიძო" სცენარი თავდაპირველად ასე იყო ჩაფიქრებული: ქვრივ ვარდენს მეზობლის ქვრივი ქალი - კესარია უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა. სწორედ ამის გამო უშლიდა ქალიშვილს მეზობლის ბიჭის სიყვარულს. როგორც იმ დროს ხდებოდა, ფილმის გადაღებულ კადრებს სპეციალური კომისია იხილავდა. მათი მხრიდან ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა: რას ჰქვია, საბჭოთა მოქალაქეს მეზობელი უყვარდესო?!. ფილმიდან არაერთი კადრი ამოჭრეს და იმის ნახევარი დატოვეს, რაც გადაღებული იყო. შესაბამისად, რეჟისორს ფილმის გადაკეთება მოუხდა. ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია და სწორედ ამიტომ, "უდიპლომო სასიძოს" ყურება არ უყვარდა...

მიდრეკილება კომიკური როლებისადმი

სამთავრობო კომისია არა მხოლოდ ფილმებზე, არამედ სცენაზე წარმოსადგენ სპექტაკლებსაც ესწრებოდა. ვახტანგ ტაბლიაშვილის სპექტაკლს, სადაც აკაკი კვანტალიანი ლენინის როლს ასრულებდა, კომისია დაესწრო. გრიმით მსახიობი რევოლუციის ბელადს ძალიან ჰგავდა. თითოეული მისი მანერა და მოძრაობა ლენინის თვისებებთან ძალიან ახლოს ყოფილა. "ცეკას" თანამშრომლებს სპექტაკლი რომ უნახავთ, განკარგულება გაუციათ, - კვანტალიანი შეცვალეთ. ეგ რომ სცენაზე გამოვა, ხალხი სიცილს დაიწყებს და ბელადზე სიცილი არ შეიძლებაო. თან, კვანტალიანი კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. ტაბლიაშვილმა არ დათმო: მე მაგაზე უკეთეს ლენინს ვერ ვიპოვიო და "გაუვიდა" კიდეც.

საერთო ჯამში, აკაკი კვანტალიანმა 40-მდე ფილმსა და 100-მდე სპექტაკლში ითამაშა.

სიმინდის ფოჩისა და მატყლის წვერ-ულვაში

აკაკი კვანტალიანი 1907 წლის 14 დეკემბერს, სამტრედიაში დაიბადა. ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე ბავშვი და-ძმისგან თავისი განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ პატარას, იმ დროს მოდური სიმღერების მთელი "რეპერტუარი" ჰქონდა და ვისაც არ ეთხოვა, სიამოვნებით ჩამოამღერებდა. მოგვიანებით, ახლობლისა და ნათესავების ქცევების იმიტაცია დაიწყო. საამისოდ კი ხელმისაწვდომ "აქსესუარებს" მიმართავდა - ნახშირს, სიმინდის ფოჩს და სხვა. როცა წვერ-ულვაშის შესაქმნელად სიმინდის ფოჩი აღარ მოეწონა, ის მატყლით შეცვალა. მატყლს საჩეჩელზე თვითონ ჩეჩდა, მარლაზე ალაგებდა, ანაწილებდა, საკუთარი ხელით აკერებდა და ყურებთან იმაგრებდა.

მაშინ სამტრედიის კლუბში მუნჯი ფილმები ჩაჰქონდათ. აკაკის მშობლები მიიჩნევდნენ, რომ კინო მხოლოდ რყვნიდა და აფუჭებდა მოზარდებს, ამიტომ შვილებს კლუბში არ უშვებდნენ. ხუთივე სახლიდან იპარებოდა და კინოსეანსებს მაინც ესწრებოდნენ. შინ მიბრუნებულები, აკაკი და-ძმებსა და მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და ახლა უკვე თავად იწყებდა "დადგმას". როლების "განაწილების" დროს უმცროს ძმას, ვასოს ყოველთვის ქალის როლს აძლევდა, უფროსს - რაჟდენს ძირითადად, დრამატულ როლებს სთავაზობდა, თავად კი ყოველთვის კომიკურ როლს იტოვებდა. თამაშის დროს მის გვერდით მყოფ პარტნიორებს ავიწყდებოდათ, რომ სცენაზე იდგნენ და აკაკის გამოსვლაზე გულიანად ხარხარებდნენ. ერთხელ მორიგი სიცილისას, კაკოს უფროსი ძმა დაუსჯია კიდეც: მან რაჟდენს მეფის როლი ჩამოართვა და მოსამზადებლად მეზობლის ბავშვს გადასცა... განაგრძეთ კითხვა