ჯანმრთელობის ენციკლოპედია, რომელზეც 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა

ჯანმრთელობის ენციკლოპედია, რომელზეც 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა

გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები, ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები - ამ საკითხებს მოიცავს "მერკის" ჯანმრთელობის ენციკლოპედიის მეორე ტომი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

წიგნის ძირითადი სამიზნე კონტიგენტი არაექიმები არიან. თუმცა ენციკლოპედიის რედაქტორ გურამ კიკნაძის განმარტებით, ის ექიმებისთვისაც მეტად საინტერესოა.

"ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ადამიანს აუცილებლად სჭირდება ექიმის კონსულტაცია, გარკვეული სახის სამედიცინო დახმარება. ამ დახმარების მიღების პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავად იცოდეს რა, როგორ და რისთვის უკეთდება. ექიმის კონსულტაციის მერე პაციენტი ყოველთვის ვიღაცას ეკითხება აზრს ან ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას. მიღებული ინფორმაცია კი ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება. ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის თუ პრევენციის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მონაწილეობას.

მცდარი ინფორმაციის მიღებისას კი ის შესაბამისად მცდარ გადაწყვეტილებას იღებს. პაციენტი არ უნდა იყოს ექიმის მითითებების პასიური შემსრულებელი. ის აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პროცესებში. ასეთ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უფრო შედეგიანი და ეფექტურია ხოლმე. ამ ყველაფრის საფუძველი კი შეიძლება აღნიშნული სამედიცინო ენციკლოპედია გახდეს. ის ძალიან სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვისაც. გამოადგებათ ექიმებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მომიჯნავე სპეციალობებში მიიღონ დამატებითი ინფორმაცია," - განმარტავს გურამ კიკნაძე.

ენციკლოპედიის კიდევ ერთი რედაქტორი გივი ჯავაშვილის თქმით, ენციკლოპედია ხელს უწყობს პაციენტს, რომ მას სწორი კითხვები დაუსვას ექიმს და ადეკვატურად ჩაერთოს მკურნალობის პროცესებში. მეორე მხრივ, ენციკლოპედიაში მოცემულია უამრავი რეკომენდაცია, რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური აქტივობის, დიეტის შესახებ." მე ვთვლი, რომ ეს არის შეუცვლელი წიგნი სანდო ინფორმაციის მისაღებად არაპროფესიონალი ადამიანებისთვის"- ამბობს გივი ჯავაშვილი.

"ექიმი არის კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობას აფასებს და მკურნალობას უნიშნავს. თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში საბოლოო გადაწყვეტყილებას თავად პაციენტი იღებს. ის ხშირად ექცევა ფართოდ გავრცელებული ცნობების, სხვა ავტორიტეტული პიროვნებების გავლენის ქვეშ, რაც უმეტესად მცდარია ხოლმე. დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად მომზადებულია პაციენტი. ექიმს ძალიან უმსუბუქდება შრომა და შედეგიც უკეთესია, თუ პაციენტი კარგად არის მომზადებული და მოტივირებული. კარგი იქნება თუ პაციენტი ენციკლოპედიას ექიმთან ვიზიტამდე გაეცნობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ვიზიტის შემდეგ საკითხში კარგად გარკვევაა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ენციკლოპედია ვერ შეცვლის პაციენტსა და ექიმს შორის კომუნკაციას. მან ხელი უნდა შეუწყოს, რომ პაციენტმა სწორი კითხვები დასვას და ადეკვატურად ჩაერთოს მკურნალობის პროცესებში," - ამბობს ის.

თამარ მამაცაშვილი ქართულ ენაზე გამოცემული რამდენიმე სამედიცინო ენციკლოპედიის რედაქტორია. ის აღნიშნავს, რომ "მერკის" ენციკლოპედია ნამდვილად განსაკუთრებული და უნიკალურია.

"საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით არსებულ სხვა ენციკლოპედიებს შორის ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი გამოცემაა. მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მიღწევები. ამიტომაც ენციკლოპედიების სახით ამ ინფორმაციის განახლებაა აუცილებელი. ამ ენციკლოპედიაში მოცემული ინფორმაცია არის ბოლო მიღწევები. პაციენტებს ამ წიგნების მეშვეობით შეუძლიათ გადაამოწმონ რამდენად თანამედროვე მიღწევებით უტარდებათ მკურნალობა, რამდენად სწორად არის დიაგნოსტირებული დაავადება. შეუფასებელი საჩუქარია ყველა ექიმისთვის. რადგან პაციენტებს ხშირად სხვადასხვა პროფილის პრობლემები აქვთ ხოლმე და ერთი პროფილის ექიმს სხვა მიმართულებებშიც სჭირდება გარკვეული ცოდნა. ასე ნიუანსების დონეზე სხვაგან მე არსად შემხვედრია ინფორმაცია," - განმარტავს მამაცაშვილი.

"მერკის" სამედიცინო სახელმძღვანელოები მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც წიგნების სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. "მერკის" გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება. ის ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გამოდის და მტკიცებულებებზე გამყარებულ ზედმიწევნით სანდო მასალას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ითარგმნება კვალიფიციური ექიმების ჯგუფის მიერ. წიგნის პირველი ტომი 1 მაისს გამოვიდა. მეორე ტომი კი 22 მაისიდანაა ხელმისაწვდომი. ენციკლოპედია სულ 7 ტომად გამოიცემა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი