საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბედი გარკვეულია. საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებების ნუსხას კი კიდევ ერთი - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დაემატა. აღნიშნული ინფორმაცია მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სიდიგოვმაც დაადასტურა.
აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ამ პერიოდის განმავლობაში თვალს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ხადიჯა ისმაილოვა ადევნებდა. ჟურნალისტს ALLNEWS.GE დაუკავშირდა და დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, რომ მუხთარლის სიცოცხლეს საპატიმროში ყოფნის დროს საფრთხე შექმნას.
- ვიმედოვნებთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. საქმე ის არის, რომ აქტივისტი, რომელიც საქართველოდან ცოტა ხნის წინ, ჩამოვიდა დააკავეს და შემდეგში ის ჩამომხრჩვალი საპატიმროს საკანში იპოვეს. ამ დრომდე ცნობილი არ არის, ვინ და როგორ გააკეთა ეს. ასეთი შემთხვევები ხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ფაქტი აფგანის შემთხვევაში არ განმეორდება. მას სავარაუდოდ, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- ეს ის სცენარია, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ოპოზიციური ძალების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს?
- ეს შემთხვევა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აფგან მუხთარლი არა მხოლოდ დააპატიმრეს, არამედ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან, დღისით, მზისით გაიტაცეს. კონტრაბანდული გზით გადაიყვანეს აზერბაიჯანში და შეკერეს ეს საქმე. მეორეც, მის წინააღმდეგ იყო გამოყენებული ფიზიკური ძალა, მას აღენიშნება ძალადობის კვალი. ციხეში მან ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა წვრილმანს, რათა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, რაც საკმაოდ რთულია. აზერბაიჯანის ციხეში ძალიან რთული პირობებია და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერი სახის პროვოკაციაა მოსალოდნელი. წაიკითხეთ გაგრძელება