გარემოს ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მოსული ნალექის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, 10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40 წუთში 34-მმ ნალექი მოვიდა. მათივე ინფორმაციით, 21:00 საათზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170 სმ-ია.
რაც შეეხება წყნეთი-ახალდაბის გზას, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
"თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესის გააქტიურებას, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგეტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასეს არსებული მდგომარეობა, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები პრევენციის მიზნით. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულოებით მოძრაობა ორმხრივად აკრძალულია. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა შემდგომი გასატარებელი ღონისძიებებისათვის", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.