გრილი, მწვანე გარემო, ღია ცის ქვეშ სასიამოვნო მელოდიები და არომატული ღვინო. ასეთი გარემო ელოდებათ 17 ივნისიდან მუსიკისა და ღვინის მოყვარულებს. ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექსი "ბიოარდი" საერთაშორისო ბლუზის ფესტივალს უმასპინძლობს, რომელიც სამი თვე გაგრძელდება. ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას საქართველოს, ბლუზის შემსრულებელი მსოფლიო ვარსკვლავები ინგლისიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან ესტუმრებიან.
სცენის ტექნიკური მხარე სრულად აკმაყოფილებს მსგავსი ფორმატის მუსიკალურ საღამოს, ზომები ზუსტად მიესადაგება კოპენჰაგენის "ოფენ ეარის" სცენისთვის დაწესებულ სტანდარტებს. მთლიანი სივრცე კომფორტულადაა მოწყობილი ჰამაკებით, ჩამოსაჯდომი ხის მორებით, კარვებით.
გასტრონომიული შოუ უფრო მეტად მოიზიდავს ლაგოდეხში ჩამოსულ ტურისტებს - მათ თვალწინ თონეში ჩაკრული პურები, შამფურზე აშიშხინებული მწვადი, ცხელ-ცხელი ხაჭაპური სანახაობრივ ელფერს მატებს აქაურობას.
ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი სუვენირები, მინანქარში დამზადებული სამკაულები. მონაწილეთა ფოტოებით, აგრეთვე, კონცერტებზე გადაღებული სელფით იქვე დაპრინტული მაისურები, ჭიქები. გაიყოლეთ პირველი ბლუზფესტივალის არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები თბილმოსაგონრად.
ლაგოდეხში შეკრებილ ბლუზის მოყვარულებს დიდი ზეიმი ელით. ფესტივალი გამოირჩევა განსაკუთრებულად სათუთი შეხვედრებით ქართველ ბლუზ-შემსრულებელ "ვეტერანებთან". მათთვის ორგანიზატორთა მიერ განსაკუთრებული პატივისცემისა და შეკრებილი საზოგადოებისგან მხრიდან დაფასების ნიშნად "საქართველოს ბლუზმენთა ლოჟის" საპატიო წევრობა მართლაც ერთერთი ღირშესანიშნავი მომენტია. ბლუზი, ღვინო და... ჩვენ!