რამდენიმე დღის წინ, სოციალური მედია დათუნა ზარდიაშვილის ემოციურმა ისტორიამ შეძრა. სოციალურად დაუცველი 11 წლის ვუნდერკინდი, ფიზიკა მათემატიკის ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულია და მიღებულ ჯილდოებს საარსებო საშუალებების შესაძენად ყიდის. შრომისა და ინტენსიური მეცადინეობის ფონზე, დათუნა ზარდიაშვილს ყოველთვიური ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების შოვნა თავად უწევს.
ტელეკომპანია იმედის ეთერით გასულ სიუჟეტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამოეხმაურა. უნივერსიტეტის ინიცირებით, მასშტაბური გადამზადების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ციფრული უნარების ამაღლებასა და გლობალურ სამუშაო ბაზრებზე დასაქმებას გულისხმობს. ,,მოხარული ვართ იმ აღმოჩენით, რომ დათუნას ინტერესის სფერო საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს მოტივირებულ ახალგაზრდებს, სრულფასოვნად დაეუფლონ ციფრულ ტექნოლოგიებს და მიიღონ ცხოვრებაში არჩევანის თავისუფლება, რომელსაც მათ სწორი განათლება ანიჭებს. დათუნას კვალიფიკაციის ამაღლებაზე ჩვენ ვიზრუნებთ და იმედს გამოვთქვამთ, სულ მალე შეძლებს ანაზღაურებად, დისტანციურად შესასრულებელ სამუშაოზე დასაქმებას. სამუშაო სივრცე მისთვის უკვე გამოყოფილია’’ - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.