რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს

რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს

"მონაკოს ნაცვლად ბათუმი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული ინტერნეტგაზეთი "კომერსანტი", სადაც საქართველოს მიმართ რუსი ტურისტების მზარდ ინტერესზე საუბრობს... ავტორი გაოცებით კითხულობს, თუ რატომ ცდილობს სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი შვებულება საქართველოში გაატაროს, "მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც ისე დაბალი ფასებია და ფასებთან შედარებით არც ისე შესაბამისი მომსახურება"...

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, ბოლო დროს რუსი ტურისტები მონაკოს ნაცვლად ბათუმს ირჩევენ. საინტერესოა, მაგრამ "ეს ქვეყანა ბევრს მოწონს: ძალიან ლამაზია მისი დედაქალაქი, რომელიც განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით, ასევე არის სამთოსათხილამურო კურორტები, მრავალფეროვანი სამზარეულო. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რუსებს აგდებით და უდიერად არ ექცევიან. შესაბამისად, ჩვენი კლიენტები ძალიან კმაყოფილები არიან", - ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი.

სტატიის თანახმად, ხუთ-ექვსდღიანი ტური ავიაგადაფრენით ერთ კაცზე 500-600 დოლარი ჯდება, რაც თურქეთთან შედარებით ძვირია, თუმცა, ამის მიუხედავად საგზურებზე მოთხოვნა მაინც მატულობს. ასევე ძვირია დასვენება ბათუმში, სადაც აპარტამენტების ფასი ღამეში 80 დოლარიდან იწყება... თუმცა, ავტორი იმაზეც საუბრობს, რომ საქართველოში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება ღირს, რადგანაც იქაურ ზღვას სუფთას ვერ დაარქმევ და მაინცდამაინც არც სერვისი გამოირჩევა მაღალი ხარისხით...

რუსეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი და პერსპექტიული ხდება რუსი ტურისტებისთვის. ექსპერტების თქმით, ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი რამდენიმე ფაქტორის გამო იზრდება, - საქართველოში ყველა სეზონზე შეიძლება დასვენება, რადგან ქვეყანას აქვს, როგორც სამთო, ასევე საზაფხულო კურორტები, ასევე, განვითარებულია ლაშქრობების მიმართულება; მთლიანობაში დასვენების მრავალფეროვანი არჩევანია.

რუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, - ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. საშუალოდ, ისინი საქართველოში 7-10 დღეს ატარებენ... ღირს თუ არა ამ ქვეყანაში დასვენება და რა პლუს-მინუსები აქვს მას? 

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის მაქსიმ პრისტავკოს თქმით, - "საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს ქვეყანა ბევრს უყვარს. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია. გარდა ამისა, საქართველოს აქვს სათხილამურო კურორტები. საოცრად გემრიელი სამზარეულო. ყველა მათგანი, ვინც კი იქ ერთხელ მაინც წასულა, მათ შორის ახალგაზრდები, აუცილებლად გეგმავენ კიდევ წასვლას, რადგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ჩამოდიან..." - ამბობს პრისტავკო.

კიდევ ერთი ტურისტული კომპანიის მფლობელი, პიოტრ ვორონკოვი საქართველოსთან დაკავშირებით ალექსანდრე დიუმას სიტყვებს იგონებს, რომელიც წერდა, რომ არსად არ გაუსინჯავს ისეთი გემრიელი ხორცი, როგორც საქართველოში.

"ის, რა თქმა უნდა, მწვადს გულისხმობს, რომელიც წალამზე იწვება და უგემრიელესი გამოდის... რაც შეეხება ხაჭაპურს, შეგიძლიათ მას სიმღერები და პოემები მიუძღვნათ..."- ამბობს ვორონკოვი.

თუმცა, არიან ისეთი ტურისტებიც, ვინც სხვებს საქართველოში წასვლამდე კარგად დაფიქრებას ურჩევს, მათი თქმით, ამ ქვეყანაში ამდენი ფულის ყრა უაზრობაა, რადგან ბევრად უკეთესი არჩევანიც არსებობს.

რუსი ტურისტის პეტრე კოსენკოს თქმით, ისინი ბათუმში ოჯახით იმყოფებოდნენ, სადაც ზღვასთან ახლოს, აპარტამენტი იქირავეს, თუმცა, წყალი ძალიან ჭუჭყიანი იყო, რადგან სწორედ იმ ადგილას კანალიზაციის წყალი ჩაედინებოდა... "ჩემს გოგონას ენტეროვირუსი შეეყარა და სასწრაფოდ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც თავად ექიმებმა გვითხრეს, რომ საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენება არ ღირიდა...", -  წერს რუსი ტურისტი.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ავრცელებს ინფორმაციას "ეხო კავკაზა", რომლის მონაცემებითაც, მათი რაოდენობა ბოლო წლებში 4-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ 2016 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში 116,9 ათასი ტურისტი ჩავიდა. წელს კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის ტურისტული კომპანიები სიამოვნებით საუბრობენ საქართველოში მათთვის უდაოდ ხელსაყრელ პირობებზე.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი