პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება

პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება

წელს, ქართული საზოგადოება თეატრის გამორჩეული მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებლის პეტრე ოცხელის, დაბადების 110-ე წლისთავს აღნიშნავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკსა" და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ხორციელდება ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც "თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს მხატვრის 30 ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაციას.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ოცხელის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატურმორტს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისათვის და მის სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს.

პეტრე ოცხელის წვლილი ქართულ სცენოგრაფიაში განუზომელია, მან თავისი ხანმოკლე ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. 20 წლისამ თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებლები", რომლის ნახვის შემდეგ, კოტე მარჯანიშვილი ესკიზებით აღფრთოვანებული დარჩა. მან ესკიზებში იშვიათი ნიჭის მხატვარი დაინახა, რომელიც შესანიშნავად ფლობდა და გრძნობდა სცენურ სივრცეს, ფერებს, შუქ-ჩრდილებს. დიდმა რეჟისორმა პეტრე ოცხელში მოაზროვნე, გემოვნებიანი მხატვარი ამოიცნო და თეატრში მთავარ მხატვრად მიიწვია.

ოცხელი 1937 წელს, 30 წლის ასაკში, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. იღვაწა მხოლოდ 9 წელი, თუმცა მოასწრო გაეფორმებინა 28 სპექტაკლი, აქედან 21 განხორციელებული. თავისი მნიშვნელობით, ამ სპექტაკლების უმეტესობა ქართული სათეატრო ხელოვნების საგანძურში შევიდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ აღნიშნა, იმ ნამუშევრებს, რომლებსაც რესტავრაცია უტარდებათ, აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ეს პროექტი კი, უპრეცენდენტოა და მიზნად ისახავს პეტრე ოცხელის უნიკალური, საეტაპო ნამუშევრების გადარჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

გიორგი კალანდია: "პეტრე ოცხელის კოლექციას უტარდება უპრეცედენტო კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესი, იმიტომ რომ ეს ნახატები შექმნის დღიდან არასოდეს არ მოქცეულა ამ პროცესის ქვეშ, არადა დრომ თავისი გააკეთა, გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში ამ ნახატებს, რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და საიუბილეოდ მომზადდა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამ კოლექციის გადარჩენას.

საიუბილეოდ ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ უნიკალური და საეტაპო ნამუშევრები პეტრე ოცხელისა, ქართულ საზოგადოებას წარუდგება აბსოლუტურად მოვლილი და ისეთი, როგორსაც ითხოვს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტები.

- უფრო მეტად რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- პეტრე ოცხელის ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ნამუშევარი სპექტაკლ "მფრინავი მღებავისთვის" ის გახდა "გუგლის" კულტურული ინსტიტუტის ვირტუალური გამოფენის ერთ-ერთი წამყვანი ექსპონატი, ამ სპექტაკლის ესკიზებსაც უტარდებათ რესტავრაცია. რესტავრაციის შედეგად, მივიღეთ ის, რომ გამოჩნდა ბევრი უცნობი ნამუშევარი, რომელიც იყო დაფარული მუყაოს ფენის ქვეშ და აქიდან გამომდინარე დამთვალიერებელი საიუბილეოდ ძალიან საინტერესო ნამუშევრებს იხილავს.

- როდის დასრულდება რესტავრაცია?

- რესტავრაციის პროცესი არის საკმაოდ რთული, ვრცელი და შრომატევადი საქმე, ჩვენ გათვლილი გვაქვს, რომ დაახლოებით სექტემბრის ბოლოს დავამთავროთ, თუმცა რესტავრაცია ვერ ისახავს მიზნად სწრაფად მუშაობას და ხშირად ვადებსაც სცდება. თუ საჭირო გახდა და ექსპონატებმა მოითხოვა პროცესის გაგრძელება, ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება.

"თიბისი ბანკის" კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე აღნიშნავს, რომ "თიბისისთვის" მსგავს პროექტებში ჩართულობა, ძველი შედევრების რესტავრირება და ახალი ტალანტების აღმოჩენა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

"თიბისის" ჩართულობა ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტებში, მხარდაჭერა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და რესტავრაცია უკვე ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იყო ფიროსმანის გამოფენა "თიბისის" სივრცეში, მისი ორი ნამუშევრის აღდგენა მოხდა. ასეთმა გამოფენებმა უკვე შეიძინა საგანმანათლებლო ფუნქცია - იყო სკოლის მოსწავლეების ჩართულობა, მოდიოდნენ 20-20 კაციანი ჯგუფებით ორი თვის განმავლობაში. გავაკეთეთ სპეციალური ანიმაცია, რომელიც ბავშვებისთვის ადვილად გასაგები ენით ყვებოდა ფიროსმანზე.

დაახლოებით ამ ფორმატით და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას პეტრე ოცხელის შემოქმედება, რომელიც ნამდვილად უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე საზოგადოება მას იცნობს. ჩვენთვის საამაყოა რომ ასეთი პროექტი გავაკეთეთ წელს, როდესაც არის პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წლის იუბილე და ჩვენი ბანკის 25 წლის იუბილე. სასიხარულოა, რომ არამარტო შედეგებს ვაჯამებთ, არამედ ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ თარიღს, ისტორიული პროექტებითაც ვხვდებით" - გვითხრა თამარ კირვალიძემ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლის რესტავრატორები მუშაობის პროცესში ბევრ სიახლეს აწყდებიან. მათი თქმით, საინტერესოა ისეთი ცნობილი სპექტაკლების ესკიზებთან მუშაობა, როგორიც არის "ოტელო", "მფრინავი მღებავი" "მშენებელი სოლნესი". მხატვარ-რესტავრატორი რუიზან კასრაძის თქმით, რესტავრაცია-კონსერვირების პროცესი, შრომატევადია, თითოეულ დეტალს საათობით მუშაობა სჭირდება, ხშირად, ერთ ნამუშევარზე აღმოუჩენიათ მეორე მხარეს მხატვრის მიერ გაკეთებული სხვა ჩანახატი.

პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაციის პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ხოლო ოქტომბერში დასრულებული სახით, ფართო აუდიტორიისთვის აქამდე უცნობ შედევრებს, დამთვალიერებელი "თიბისი ბანკის" საგამოფენო სივრცეში იხილავს.

თეკლე ჯანელიძე

AMBEBI.GE

Georgian artist Petre Otskheli’s artworks to be restored