ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, ცეკვა, ეზოში კონცერტების გამართვა და პროფესიის არჩევაზეც ბევრი არ უფიქრია, მსახიობი გახდა. გალში დაიბადა და ფოთში გაიზარდა. აფხაზეთზე გიჟდება, ფოთს კი ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს, ისევე, როგორც მსახიობობას. ოცნებობს, ფოთი ამსტერდამის მსგავსი ქალაქი გახდეს და წლების შემდეგ საკუთარი თეატრი სწორედ აქ შექმნას. მისი დასვენება არის საქმე, საქმე და კვლავ საქმე! ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეეძლოს, ჯანო იზორია ისევ მსახიობის პროფესიას დაეუფლებოდა.
ბანკეტი, სადაც არავინ ცეკვავდა
- მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელს, ფილმ "კომას" მთელი შემოქმედებითი ჯგუფი წავედით. ჩემთვის საამაყო და ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო, როდესაც პირველად წითელ ხალიჩაზე ჩემს პედაგოგთან, ბატონ რეზო ჩხეიძესთან ერთად გავიარე. დროდადრო ვჩერდებოდით, ფოტოებს გვიღებდნენ. თან, ჩემი მაესტრო თავისი სტუდენტობის ამბებს მიყვებოდა. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ბანკეტი გაიმართა. მიხალკოვი და მისი კოლეგები მშვიდ გარემოში ისხდნენ, ახალგაზრდები კი იქვე ვერთობოდით. ხალხი სვამდა, მაგრამ არავინ ცეკვავდა. ჩემზე ალბათ, გრადუსმაც იმოქმედა და საცეკვაო მოედანზე გავვარდი. ყველამ ყურადღება მომაქცია, მერე ხალხმა წრე შემომარტყა და ისინიც აცეკვდნენ. ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად ერთობოდნენ. ამ დროს, დისკოთეკის ციმციმა განათების ფონზე ყავარჯნიანი კაცი, ბატონი რეზო ჩხეიძე დავინახე. იდგა, იღიმოდა და მოძრაობით მუსიკას ჰყვებოდა. მასთან მივედი და მითხრა: მირჩევნია, თქვენთან ვიყო და შენ გიყუროო.
"უნდა ითამაშო..."
- ბავშვობაში კრივზე დავდიოდი. მამას უნდოდა, რომ მოკრივე ვყოფილიყავი, მე კი თან მინდოდა, თან - არა. მიყვარდა ეზოში კონცერტების გამართვა. შემეძლო, მთელი დღე "დრამზე" დამეკრა, რომელსაც სკამებისა და ქვაბებისგან ვაწყობდი, დასარტყამი ჯოხების ფუნქციას თხილის წნელი ასრულებდა.
მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ქალაქის მასშტაბით სკოლებში ჩატარებულ თეატრალურ კვირეულში უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მრცხვენოდა და დავიჟინე, - არ მინდა-მეთქი. კლასის დამრიგებელმა, ლია ალასანიამ მითხრა, - უნდა ითამაშო, თუ არადა, საშემოდგომოს გამოგაყოლებო. ჩემი სკეტჩი რომ დაიწყო, ისედაც ხმაჩახლეჩილ პერსონაჟს ვთამაშობდი და ხმაურის გამო, მაყურებელს ჩემი სიტყვები არ ესმოდა. იცით, როგორ მოვიქეცი? ვითომ ყელში გაჩხერილი ძვალი პირიდან ამოვიღე და მივმართე დარბაზს, - "რა მოგივიდათ? გაჩერდით!" ბავშვებმა იფიქრეს, ასე იწყება ამბავიო და სიჩუმე ჩამოვარდა. მეც, ძვალი ისევ პირში ჩავაბრუნე და თამაში დავიწყე... ჟიურის გადაწყვეტილებით, "მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის" დამაჯილდოეს. ჩვენი სკოლის მკაცრმა დირექტორმა ხელი ჩამომართვა და პრიზი გადმომცა... განაგრძეთ კითხვა