აღნიშნულ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელიავას ბაზრობაზე შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სახანძრო-ტექნიკური შემოწმება დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაუტარდა და გაირკვა, რომ არ იყო შიდასახანძრო წყალმომარაგება, ასევე, არ იყო სათანადო რაოდენობის გასასვლელები.
"ჩვენ სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებას ვატარებთ საჯარო ობიექტებზე. აღნიშნული ობიექტიც შემოწმდა და მიწერილობა ჩაბარდა. მიწერილობაში დაახლოებით 25 მუხლზეა საუბარი. ყველა მათგანი არ მახსოვს, თუმცა გაირკვა, რომ იყო დარღვევები. არ იყო შიდასახანძრო წყალმომარაგების სისტემა და არ იყო გასასვლელების სათანადო რაოდენობა", - განაცხადა დავით გელაშვილმა.