თუ ცნობილ თანამედროვე მწერალს, ელიფ შაფაქს დავესესხებით, "თითოეულ ჩვენგანში, შესაძლოა, ჩვენთვისვე გაუცნობიერებლად ცხოვრობს შემოქმედი ადამიანი, უბრალოდ, ზოგჯერ ცხოვრება ისე გადის, რომ, შესაძლოა, ჩვენი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა გარემოებამ არ მოგვცეს." "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულებმა ამ უნიკალური შანსის გამოყენება ნამდვილად შეძლეს და უახლოეს მომავალში, გამომცემლობის დახმარებით, ბესტსელერების ავტორებადაც მოგვევლინებიან. ია კარგარეთელი, თამუნა შენგელია (დოდჯსონი), თათული ღვინიანიძე, თორნიკე ზვიადაური და შორენა ხუხუა სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა წიგნებიც მალე უამრავი ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს. ხუთივე გამარჯვებულმა საამისოდ საინტერესო გზა გაიარა.
კონკურსი 20 მარტს დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა მათი შემოქმედება და საკუთარი პოზიცია გამომცემლობის ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოეხატა. ხალხთან ერთად, ნამუშევრები ობიექტურმა და კვალიფიციურმა ჟიურიმაც შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე, მარიკა დარჩია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ივანე ამირხანაშვილი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, რამაზ ჭილაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
წესების მიხედვით, 300-მდე შემოსული ნამუშევრიდან 10 საუკეთესო მკითხველმა შეარჩია, 5 - ჟიურიმ, გამარჯვებული კი მათგან მხოლოდ ხუთი კონკურსანტია: თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა და თორნიკე ზვიადაური ხალხის რჩეულები გახდნენ, ია კარგარეთელი და თამუნა შენგელია კი ჟიურის ფავორიტებად დასახელდნენ.
"კვირის პალიტრა" გამარჯვებულებს დაუკავშირდა.
ია კარგარეთელი, დიზაინერი, მომავალი მწერალი: - ბავშვობიდან ვწერ და სულ ვოცნებობდი, საქართველოში ისეთი ლიტერატურული კონკურსი ჩატარებულიყო, რომელიც ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, წიგნი დაბეჭდონ და საკუთარი ნიჭი ხალხს გააცნონ, შანსს მისცემდა. სწორედ ასეთი აღმოჩნდა "პალიტრა L"-ის კონკურსი, რომლისთვისაც სპეციალურად დავწერე რომანი. ამ კონკურსმა ყველას დაგვანახა, რომ ნიჭი მართლაც ფასდება.
თათული ღვინიანიძე, სტუდენტი, მომავალი მწერალი: - ისეთი კონკურენცია იყო, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გამარჯვებას შევძლებდი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ნაწარმოები წაიკითხა, მოეწონა და მხარი დამიჭირა. მადლობა "პალიტრა L"-ს იმისთვის, რომ ადამიანებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, წიგნი დავბეჭდოთ, ამის შAანსი მოგვცა.
თორნიკე ზვიადაური, სტუდენტი, მომავალი მწერალი: - კონკურსში გამარჯვებამ საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა, რადგან აქამდე სულ მეშინოდა, რომ ჩემი ნაწარმოებები ხალხს არ მოეწონებოდა. კონკურსმა ყველას მოგვცა იმედი, რომ ცხოვრებაში ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებებიც სრულდება.
თამუნა შენგელია, ფსიქოლოგი, მომავალი მწერალი: - მთელი კონკურსის განმავლობაში უცნობი ადამიანები, მათ შორის, კონკურენტებიც მწერდნენ, რომ ჩემი შემოქმედება მოსწონდათ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. კონკურსმა თავდაჯერებულობა შემმატა. ეს პირველი წარმატებული ნაბიჯია იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელო.
შორენა ხუხუა, ფილოლოგი, მომავალი მწერალი: - მცირე მასშტაბის კონკურსებში ადრეც ვმონაწილეობდი, თუმცა რომანის დაწერაზე არასოდეს მიფიქრია, უფრო ჩანახატებს ვწერდი. ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ ბესტსელერის ავტორი ვხდები. ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს...
კონკურსი საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდა მკითხველებისთვისაც. როგორც ლიტერატურის მოყვარული მაია შარაშენიძე ამბობს, მკითხველს იშვიათად ეძლევა შესაძლებლობა, დასაბეჭდი ლიტერატურის შერჩევაში მონაწილეობა მიიღოს: - "პალიტრა L-"ის კონკურსმა ჩვენ, მკითხველებს, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, შეგვერჩია ჩვენთვის საინტერესო ნაწარმოებები. დარწმუნებული ვარ, კონკურსში გამარჯვებულების შემოქმედება მსოფლიო ბესტსელერებსაც გაუწევს კონკურენციას.
პ.ს. "კვირის პალიტრა" მომავალში უფრო ახლოს გაგაცნობთ თითოეულ კონკურსანტს და მათ ნაწარმოებებს.
რუსუდან შელია