მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"

მზისგან დაცვის რეკომენდაციები დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან: "ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ბიჭები გადაუსწრებენ"

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით გამოწვეული დამწვრობის შედეგად მიმართვიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ზაფხულის სეზონის დადგომიდან, დამწვრობის ცენტრში იმკურნალა 150-მა პაციენტმა, 28 მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დასჭირდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ცენტრმა მომსახურება 62 პაციენტს გაუწია.

"პაციენტთა მიმართვიანობა მომატებულია, წინა წლებთან შედარებით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველგვარი უსაფრთხოების წესები აქვთ დარღვეული, არანაირი დამცავი კრემი, არანაირი მცირე ხნით მზეზე დაყოვნება. დილიდან საღამომდე, 6-7 საათი რომ გაჩერდები მზის გულზე და დაიწვები, არ უნდა გაგიკვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის დასაწყისში არ იყო ძლიერი სიცხე, ზაფხულის დადგომიდან ჩვენთან სერვისი მიიღო 150-მა პაციენტმა. 28 მათგანს დამწვრობის ცენტრში მოთავსება დასჭირდა.

ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 65 წლის ქალბატონი იყო. ძირითადად მაინც ახალგაზრდები არიან. თანაფარდობა ბიჭებსა და გოგოებს შორის ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ვეწევით ბიჭები და ასე თუ გააგრძელებენ, მგონი, გადაუსწრებენ. დამწვრობა მიღებული აქვთ ყველგან - აუზზე, თბილისის ზღვაზე, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, სახურავზე... ", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტთა მიმართვიანობა ძირითადად თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ფიქსირდება.

"ეს არის უშუალოდ რუჯის მიღებით გამოწვეული დამწვრობა. ხომ შეიძლება, ისეთი სიტუაცია ყოფილიყო, რომ პირს მოუწია მზეზე გასვლა, ან მანქანა გაუფუჭდა, დასახლებულ პუნქტამდე იარა და მზეზე დაიწვა. ასეთი შემთხვევაც არ ყოფილა. ბუნებრივია, პატარა ბავშვი რომ ვახსენე, ეს არ ყოფილა რუჯის მიღების მიზნით, მაგრამ, დედა, მშობლები იქ იყვნენ, ბავშვი თამაშობდა და 3-4 საათის განმავლობაში, 11:00-დან 15:00 საათამდე ბავშვი რომ მზის გულზე იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის დაგვეწვება, თან ისე დაიწვება, რომ დამწვრობის ცენტრში მკურნალობა, გადასხმები, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობა დასჭირდება", - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბედნიეროდ, წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქაშიბაძის ინფორმაციით, გასულ წლებში იყო მძიმე შემთხვევები, როდესაც პაციენტს არა მარტო დამწვრობა, არამედ გადახურება, მზის დაკვრა აღენიშნებოდათ და რეანიმაციაში მოთავსება დასჭირდათ. წელს პაციენტთა მიმართვიანობა არ დაფიქსირებულა ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის გამოც, თუმცა გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ ბუნებრივია, ყველა პაციენტი დამწვრობის ცენტრს არ მიმართავს.

"დამწვრობის ცენტრს დიდი იმედი აქვს, რომ 2017 წელი ლეღვის ნახარშის საწინააღმდეგო წლად გამოცხადდება და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება", - დასძინა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს. ის მოქალაქეებს მზეზე გასვლას დილით, 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათის შემდეგ ურჩევს.

"თუ მოქალაქეებს მზეზე ყოფნა სხვა პერიოდში მოუწიათ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი. თეთრი კანით ერთ დღეში ორი კვირის რუჯს ვერ მიიღებენ, ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ჯობია, თანდათანობით და ნელ-ნელა მიიღონ რუჯი, რათა არ დაიწვან და მერე, მკურნალობა არ დასჭირდეთ. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კარგად არ დაისვენებთ, ვერც კარგად იმუშვებთ და ვერც კარგად ისწავლით, ამიტომ, დასვენების დღეებს ნუ ჩაიმწარებენ დამწვრობის მკურნალობაში", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი