"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს

"ჩვენი დროის გმირები" - ვინ არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც პრემიერმა და შს მინისტრმა დააჯილდოეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლები, მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი 112, ოპერატიული სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩნისთვის დააჯილდოეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ურთულესი სამაშველო ოპერაციის მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავს, პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანს, პოლიციის კაპიტან შალვა შალიბაშვილს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ბესიკ ბაკურიძეს და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად აკეთებენ. მან შს სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ბოლო დროს დასავლეთ საქართველოში სტიქიური მოვლენების დროს სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს იმ ადამიანების ხელმძღვანელი, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მზად არიან სხვა ადამიანები გადაარჩინონ.

"ეს ადამიანები მარტო დღევანდელი დღის გმირები არ არიან. ისინი ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის გმირები არიან და მე ამას ხშირად აღვნიშნავ. ამ გმირობას მათი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს, როცა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთლობის რისკის ფასად მზად არიან სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გასწირონ. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მათი ხელმძღვანელი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლი. ღონისძიებას შს სამინისტროს დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვება პილოტი, რომლის გმირობის ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი