ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"

ემზარ კვიციანის სკანდალური განცხადება: "ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი სანაიასავით? ვფიქრობ, ვანო ჯავახიშვილი"

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კვიციანის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს! შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასეთუ ისე ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს!

სუს-ს, შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეც სამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ,რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება ღმერთს!!!" - წერს კვიციანი.

პარლამენტის წევრის მსგავს განცხადებას კომენტარებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: "პარლამენტარისგან მსგავსი გამოკითხვა სხვა არაფერია თუ არა სირცხვილი..."; "პატრიოტთა ალიანსის მსგავსი მორალურად და ზნეობრივად დაცემული პარტია არ ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას..."; "ვანო ჯავახიშვილს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თორე ზეზეურად დალპები" - წერენ პოსტის კომენტარებში.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის განცხადებას ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას", - წერს გვარამია "ფეისბუქზე".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.