რა წერია "გათხოვილის დღიურში"?

რა წერია "გათხოვილის დღიურში"?

"გათხოვილის დღიურს" თითქმის ყველა ასაკის მკითხველი ჰყავდა... თინეიჯერიდან დაწყებული, ასაკოვანი ქალბატონებით დამთავრებული," - გვეუბნება უკვე წიგნის "გათხოვილის დღიურების" ავტორი თეა ინასარიძე, რომელსაც ოცნება რეალობად ექცა და საკუთარი ბლოგი წიგნად გამოსცა. ოცნება კი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა აუხდინა. თუმცა, დღეს "ბიბლუსის" მაღაზიაში შესულს ყველაფერი მაინც სიზმარი ჰგონია, არადა, ყველაფერი ცხადია და ამ სიცხადეზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრება.

- "გათხოვილის დღიური" - წიგნისთვის საინტერესო სახელწოდებაა, მგონი, ასეთი სახელით არავის შეუქმნია არაფერი?

- არც მე მახსენდება მსგავსი სათაურით რაიმე წიგნი. "გათხოვილის დღიურს" კი პატარა პრეისტორია აქვს... რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჟურნალ "...და ქალში" ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, რედაქტორებმა - ნინო ტურაშვილმა და ლელა მოდებაძემ პორტალ მარაო.გე-სთვის ბლოგის დაწერა მთხოვეს... იყო იდეა, რომ შექმნილიყო - გასათხოვარის, გათხოვილის და განქორწინებულის დღიურები, რომლებსაც სხვადასხვა ავტორი დაწერდა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე განვახორციელე ეს იდეა და "გათხოვილის დღიურების" წერა საკუთარ თავზე ავიღე ... წიგნისთვის სათაურმა ოდნავი ცვლილება განიცადა. "დღიურები" - "დღიურით" ჩავანაცვლეთ. სიტყვა - "გათხოვილი", როგორებადაც ხშირად დაოჯახებულ ქალებს მოიხსენიებენ ხოლმე, ჩემი მეგობრების წრეში ხშირად ხუმრობის თემა ყოფილა.

- ე.ი. თავიდან იყო ბლოგი, რომელსაც ბევრი მკითხველი გაუჩნდა. რა იწვევდა მკითხველის დაინტერსებას, ანუ რა არის მისი მთავარი თემატიკა?

- დიახ, ეს პროექტი თავიდან ბლოგის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ანონიმური ავტორი ჰყავდა. ამან მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია. ალბათ არც მე და არც საიტის რედაქტორები არ ველოდით, რომ ეპიზოდებს ასეთი კარგი გამოხმაურება ექნებოდა... მახსოვს, როდესაც პირველი ეპიზოდი დაიდო, უამრავი კომენტარი დაიწერა. ყველა გაგრძელებას ითხოვდა... ჩემდა გასაკვირად, მკითხველებს შორის მამაკაცებიც აღმოვაჩინე... კომენტარებში ბევრი კითხულობდა, როდის დაიდებოდა გაგრძელება, ამიტომ მათთვის პასუხის გაცემა მომიხდა. იმის გამო, რომ ვინაობის გამხელა არ მსურდა, მკითხველს "ავტორის" სახელით ვპასუხობდი და მოგვიანებით, ისინიც "ავტორო"-თი მომმართავდნენ. დღემდე ასე მეძახიან. რაღაცნაირად, მეტსახელივით შემრჩა.

რაც შეეხება თემატიკას, წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული მონაკვეთის შესახებ. მთავარ გმირს ჰყავს ქმარი, ორი მცირეწლოვანი შვილი და არის დიასახლისი. ერთხელაც, აცნობიერებს, რომ იმდენად მოიცვა რუტინამ, რომ საკუთარი პერსონის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას... აცნობიერებს, რომ ჭაობშია და თუ არ გაცურავს, უბრალოდ, დაიხრჩობა... ამიტომ, ცდილობს ჩაკეტილი წრე გაარღვიოს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ძალიან უყვარს თავგადასავლები და გადახდება კიდეც... და ალბათ, დაუმტკიცებს, პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ როგორც წინათ, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, რომელიც ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, სხვებისთვისაც შეიძლება იყოს სასურველი და საინტერესო. ალბათ სწორედ თემატიკა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს პერსონაჟი და მისი ისტორია ბევრმა გულთან ახლოს მიიტანა და საკუთარ თავთან გააიგივა... გამოვიყენე თხრობის ბუნებრივი სტილი, რის გამოც ბევრმა აღიქვა როგორც ჩემი პირადი დღიური და არა როგორც ფიქცია...

- საერთოდ, რა მიმართულებით წერთ აქტიურად, გატაცებით და რა არის წერისთვის მთავარი მოტივაცია?

- ჩემი საყვარელი ჟანრებია: მისტიკა, თრილერი, ფანტასტიკა... "გათხოვილის დღიურების" შემდეგ, რამდენიმე რომანი კიდევ დავწერე... "ოცდამეხუთეს ეფექტი" (დეტექტივი, თრილერის ელემენტებით), "მდუმარე სასტუმრო" (ფენტეზი, დეტექტივის ელემენტებით), "ლაბირინთი" - ესეც დეტექტივი იყო, რომლებიც ეპიზოდებად ასევე "მარაო.გე"-ზე იტვირთებოდა და ყველა მათგანი არანაკლებ წარმატებული იყო. ვწერ იმას, რასაც თავადაც ინტერესით წავიკითხავდი... მომწონს, როდესაც რაღაც საიდუმლოს ვხდი ფარდას... ჟურნალში რუბრიკაც მქონდა "შენობის ისტორია", სადაც თბილისის ძველი სახლების ისტორიებზე ვწერდი... შემდეგ, მიწისქვეშეთის სამყარომ მომხიბლა ძალიან და ბუნკერებსა და გვირაბებშიც ვიმოგზაურე... რამდენიმე სიუჟეტიც გადავიღე, ჟურნალისტური გამოძიებაც ვცადე... ჩემი ნაწარმოებების გმირებიც ყოველთვის რაღაც საინტერესოს ძიების პროცესში არიან... დიდი სტიმული ჩემი მკითხველის ემოციებია, როდესაც ჩემს ნაწერებს კითხულობენ... მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ დღემდე ჩემ გვერდით არიან და უხარიათ ჩემი წარმატება, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა, შევქმნა რაღაც ახალი.

- როდესაც ბლოგს წერდით, ფიქრობდით, რომ ის წიგნად შეიკვრებოდა და როცა უკვე რეალურად წიგნიც არსებობს, რა გრძნობაა ეს?

- მაშინ ნამდვილად არ წარმომედგინა ეს. უბრალოდ, წიგნის გამოცემაზე არ მქონდა ამბიცია... იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ბლოგს ამდენი ადამიანი წაიკითხავდა... ვწერდი რეალურ დროში, კვირაში ორ ეპიზოდს, თავადაც არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი. გზადაგზა მიწევდა ფიქრი ყველაფერზე, რაც, არ დაგიმალავთ და საკმაოდ რთული იყო... რამდენი ღამე გამითენებია, რომ ეპიზოდი დილისთვის დამესრულებინა... რამდენჯერმე "გავჭედილვარ" და მიტირია კიდეც, რადგან არ მინდოდა, ჩემი მკითხველისთვის იმედი გამეცრუებინა. თხრობის სტილი ძალიან მსუბუქია და უხვადაა იუმორი, რომელიც დასაწერად არ იყო მარტივი... ხარისხიანი იუმორის შექმნასაც ბევრი მუშაობა სჭირდება.

ახლა, როდესაც "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში შევდივარ და თაროზე ჩემს წიგნს ვხედავ, მგონია, მძინავს და გამეღვიძება... ძნელია, სიტყვებით აღვწერო ის შეგრძნება და ემოცია, რომელიც მაქვს! ეს არის ჩემი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა! და ეს ბედნიერების განცდა, მგონი, არასოდეს მთავრდება...

- ეს პირველი წიგნია?

- წიგნი არა, მაგრამ ადრე, სტუდენტობის პერიოდში ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა "ღამურების სახლი" დავწერე, რომელიც ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე განთავსდა. სრულიად შემთხვევით, ჩემი მოთხრობა ერთ პროექტში მოხვდა, რომლის ფარგლებშიც დამწყები მწერლების მოთხრობათა კრებული გამოიცა - ერთ ეგზემპლარად. იმ წიგნის ნახვა საჯარო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ციფრულ განყოფილებაშია შესაძლებელი...

- თავად დაოჯახებული ხართ?

- დიახ, დაოჯახებული ვარ, მყავს ორი შვილი.

- ამ წიგნით რას ეუბნებით მკითხველს და რა ასაკის ადამიანებისთვის არის ის განკუთვნილი?

- წიგნი საერთოდ განტვირთვის და გართობის ძალიან კარგი საშუალებაა. ჩემი წიგნიც ალბათ ამ მიზანს ემსახურება. გამიხარდება, თუ მკითხველი გახალისდება და ისიამოვნებს. წერის დროს რაიმე განსაკუთრებული მიზანი არ მქონია, მესწავლებინა ვინმესთვის რამე და მომეხვია საკუთარი აზრები. უბრალოდ, გადმოვეცი ჩემი შეხედულებები იმაზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე ზოგადად ქორწინებამ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, რუტინად იქცევა. ყველა ადამიანს თანაბარი უფლება აქვს, იბრძოლოს თავისი ბედნიერებისთვის და ქორწინება არ ხდის ცოლ-ქმარს ერთმანეთის საკუთრებად. შეიძლება გიყვარდეს, ყოველგვარი ვალდებულებებისა და გარანტიების გარეშეც...

"გათხოვილის დღიურის" პრეზენტაცია გაიმართება 25 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისი, კანდელაკის #7-ში მდებარე "ბიბლუსი" გალერეაში გაიგეთ მეტი აქ

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი