ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ ახალგაზრდას ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკა ბეგაძის მეგობრებიც არიან ჩართულნი. ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა და ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, უკვე მეორე წელია, ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობს.
ახლობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტია, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან დატოვებულ მანქანაში, რომელიც ბეგაძის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, დამტვრეული მობილური ტელეფონი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.
ოჯახის ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას გამორიცხავენ, მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მას არც პირადი და არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა.
ისლანდიის პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის. "შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს" - აცხადებენ პოლიციაში.