რა ღირს მეორადი ავეჯი საქართველოში - ვინ ყიდულობს დეკორატიულ და ანტიკვარულ ავეჯს

რა ღირს მეორადი ავეჯი საქართველოში - ვინ ყიდულობს დეკორატიულ და ანტიკვარულ ავეჯს

მეორადი ნივთების მიმართ საზოგადოებაში არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ასეა ტანსაცმლის, ავტონაწილების დ ავეჯის შემთხვევაში. თუმცა, აზრი განსაკუთრებით ორად იყოფა, როცა საქმე მეორად ავეჯს ეხება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპიდან და ამერიკიდან შემოტანილი მეორადი ავეჯი უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ქართულ ბაზარზე არსებული უცხოური ან ქართული წარმოების პროდუქცია. მომხმარებელთა ნაწილი მეორად ავეჯს ფასის გამო ანიჭებს უპირატესობას. სხვები კი ფიქრობენ, რომ უმჯობესია თუნდაც შედარებით უხარისხო, მაგრამ ახალი ავეჯი შეიძინოს.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია - მეორადი ავეჯი საქართველოში მოთხოვნადი პროდუქტია და ამ მიმართულებით ბაზარი საკმაოდ მზარდი, განვითარებადი და მრავალფეროვანია. ბაზარი პირობითად სამ კატეგორიად იყოფა: ფუნქციური მეორადი ავეჯი, ანტიკვარიატი და გასული საუკუნის ავეჯი, რომელსაც უმეტესად დიზაინისთვის იყენებენ.

მეორადი ავეჯის შემოტანა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მეორადი ავეჯის ბაზარზე, ძირითადად, ბელგიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოტანილი მაგიდა, სკამები, სამეულები, საძინებლები და სხვა რბილი ავეჯი იყიდება. მეორადი ავეჯის მაღაზია "ტროდელი" 2015 წლიდან არსებობს და როგორც მისი წარმომადგენელი ეკატერინე ნადარეიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია:

"ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ავეჯი გერმანიიდან შემოგვაქვს. მაღაზიაში ნახავთ როგორც ავეჯს, ისე ჭურჭელსა და ყოველდღიური გამოყენების სხვა ნივთებს. განსაკუთრებული მოთხოვნა რბილ ავეჯზე, მაგიდებზე, სკამებსა და იშვიათ ნივთებზეა. პროდუქციის შერჩევისას მთავარ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ. ზოგადად, ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილი ავეჯი ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ის, რაც საქართველოში შემოდის. ევროპაში ხარისხისა და მასალებში მავნე ნივთიერებების შემადგენლობაზე მკაცრი კონტროლია. ქართული საზოგადოების ნაწილი აღნიშნულს კარგად აცნობიერებს და სწორედ ამიტომ უამრავი კლიენტი გვყავს. ვცდილობთ, ფასები მაქსიმალურად შეღავათიანი იყოს. მეორადი ავეჯის ფასი უმეტესად ახალი ავეჯის მესამედს შეადგენს ხოლმე. აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე იზრდება მეორად ავეჯზე მოთხოვნა და შესაბამისად, კონკურენციაც," - განმარტავს ეკატერინე ნადარეიშვილი.

მეორადი ავეჯის ფასი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგალითად, სტანდარტული სკამის ღირებულება 15-20 ლარია. თუმცა, ხარისხის მატებასთან ერთად, ფასი შეიძლება 100 ლარამდეც გაიზარდოს. მეორადი მაგიდის მინიმალური ფასი 150-200 ლარია, მაქსიმალური კი - 3 000 ლარამდე. რბილი დივანის შეძენას 400 ლარიდან შეძლებთ. 1 ადგილიანი საწოლის ყიდვა, სულ რაღაც 100 ლარადაა შესაძლებელი, ორსაწოლიანის კი - 200 ლარად. თუმცა, აღნიშნული ფასები არაა მკაცრად განსაზღვრული. ხარისხის გარდა, ფასი დამოკიდებულია ავეჯის მდგომარეობაზეც. მაგალითად, დაზიანებული საწოლი შეიძლება 50 ლარადაც კი შეიძინოთ.

ინტერიერის დიზაინში ახალი მიმართულებაა ძველი, წინა საუკენის ავეჯის გამოყენება. ეს ტენდენცია, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარულია, საქართველოშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სწორედ ამიტომ, მეორადი ავეჯის ბაზარზე ეს ხაზი ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ კატეგორიის ავეჯზე მოთხოვნა განსაკუთრებული სიძველის გამო არ არის, მაგრამ ინტერიერში განსაკუთრებული ელფერი შეაქვს და საკმაოდ პოპულარულია. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა მაღაზიები, რომლებიც სეგმენტულად ამ მიმართულებით მუშაობენ.

მაღაზია "პავლიონის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა ჩხაიძემ ძველი ავეჯით ვაჭრობა პირადი კოლექციონერობიდან დაიწყო. მისი თქმით, წინა საუკუნის ავეჯის გამოყენება თავდაპირველად კაფეებსა და რესტორნებში დაიწყეს. შემდეგ კი ტენდენციამ ოჯახებშიც გადაინაცვლა:

"ყოველთვის ძალიან მომწონდა ძველი ავეჯი და ვაგროვებდი კიდეც. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ სახლში ვეღარ ვატევდი და გაყიდვა დავიწყე. ასე ნელ-ნელა პარტნიორებთან ერთად შევქმენი მაღაზია, სადაც მეორადი ავეჯი იყიდება. თუმცა, ეს არ არის ჩვეულებრივი ავეჯი. ჩვენ ვყიდით ძველ ნივთებს, რომლებსაც დეკორატიული დატვირთვით იყენებენ და ინტერიერის განმსაზღველი დეტალებია.

ავეჯს საქართველოში, პირადი კონტაქტების საფუძველზე ვყიდულობთ. საჭიროების შემთხვევაში რესტავრაციასაც ვუტარებთ. ფასები უამრავი დეტალის გათვალისწინებით განისაზღვრება. მაგალითად, მაგიდა შეიძლება ღირდეს 200 ლარიც და 500 დოლარიც. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არაა ანტიკვარიატი. ეს არის წინა საუკუნის ავეჯი. ზოგადად, ანტიკვარიატი ძალიან ძვირი ღირს და ქართულ საზოგადობაში მის მიმართ დიდი დაინტერესება არაა," - განმარტავს მიშა ჩხაიძე.

მეორადი ავეჯის კიდევ ერთი მიმართულება, ანტიკვარიატი, საქართველოში ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ანტიკვარული ავეჯი ქვეყანაში მცირე რაოდენობითაა და ფასიდან გამომდინარე დაინტერესებაც მცირეა. მაგალითად, კარადის ფასი 5 000 დოლარიდან იწყება. საქართველოში არსებული ანტიკვარული ავეჯის მყიდველებიც უმეტესად სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

როგორც მეორადი ავეჯის მაღაზიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მხრიდან ფიქსირდება. თუმცა ძველი ავეჯით, რომელსაც უფრო დიზაინერული დატვირთვა აქვს,  30-35 წლის ადამიანები მეტად ინტერესდებიან.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

სვერის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ისრაელმა საქართველო "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ