გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა

 გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა

20 წლიანი არსებობის შემდეგ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და მკითხველისთვის საყვარელმა გამოკითხვამ გაზეთის ფურცლებიდან ინტერნეტში გადაინაცვლა.

დღეიდან, ყოველ ორშაბათს, ვებ-პორტალ kvirispalitra.ge-ის მკითხველს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელიც საიტზე კვირაში ერთხელ დაიდება.

ნატო მღებრიშვილი, "პალიტრა მედიის" კვლევების მენეჯერი:

- 20 წელზე მეტია გაზეთი "კვირის პალიტრა" "საპრიზო გამოკითხვა-რეიტინგს" ატარებს. რადგანაც გადავწყვიტეთ, რომ გამოკითხვა საიტზე გადმოსულიყო, სპეციფიკიდან გამომდინარე, ვეღარ იქნებოდა საპრიზო, რადგან ერთ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლეოდა ერთიდაიგივე IP-დან სხვადასხვა ბრაუზერის საშუალებით ბევრჯერ მიეცა ხმა. პირველი გამოკითხვა დღეს გავუშვით, გაოცებული ვარ, 10 წუთის გამოქვეყნებულიც არ იყო კითხვა, რომ უკვე საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა გასცა პასუხი... მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- რა სფეროებს მოიცავს გამოკითხვა?

- ძირითადად საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებს, თუმცა იქნება კულტურა და ხელოვნებაც. ძალიან გვინდა, რომ არ შევეხოთ პოლიტიკას და პირველმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლიტიკის გარდა სხვა სფეროებიც პოპულარულია. პირველ თემად ავარჩიეთ განათლება, მითუმეტეს ახლა ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაა, აბიტურიენტები შედეგებს ელოდებიან და გვაქვს ამბიცია, გამოკითხვა მუდმივად იყოს აქტუალურ თემებზე.

- გამოკითხვა რა სიხშირით დაიდება საიტზე?

- გამოკითხვა კვირაში ერთხელ - ორშაბათობით დაიდება და მკითხველს მთელი კვირის განმავლობაში ექნება ხმის მიცემის საშუალება. ვინც ხმას მისცემს, იმ წუთშივე გამოჩნდება შედეგები.

ზოგადად, გამოკითხვა საშუალებას გვაძლევს მკითხველთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს. ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია გაიგო საზოგადოების აზრი, მით უმეტეს, როდესაც მედია ხარ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხვით მკითხველის მაჯისცემას უსმენ.

"კვირის პალიტრის" არაერთი მკითხველისგან მომისმენია, რომ გამოკითხვა გაზეთში მათი საყვარელი გვერდი იყო, იმედი მაქვს, მათთვის და კიდევ უფრო მასშტაბური აუდიტორიისთვის ის კვლავაც საინტერესო და მნიშვნელოვან რუბრიკად დარჩება ახლა უკვე ინტერნეტში.

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში: თქვენი აზრით, არის თუ არა საკმარისი სკოლაში მიღებული განათლება მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულების მოსაპოვებლად?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი