ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა

ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა

ძველად საქართველოსა და თბილისში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელობის ცოდნას. სწორედ ამ მიზნით მშობლები რომელიმე ოსტატს თავიანთ შვილებს მცირე ასაკშივე აბარებდნენ, მომავალში რომ მათ თავის რჩენა შესძლებოდათ და როგორც ხშირად ამბობდნენ: "კაცი გამოსულიყო". მშობლების მიმართვა ოსტატებისადმი ასე ჟღერდა: "ძვალი ჩემი, ხორცი შენი - გამიზარდე შვილი, ოსტატო!.." თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეგირდები არა მხოლოდ მატერიალურად გაჭირვებული, არამედ მდიდარი ოჯახის შვილებიც ხდებოდნენ. მდიდარი მამები წინდახედულობას იჩენდნენ და შვილს ოსტატს იმ მიზნით აბარებდნენ, რომ შესწავლილი ხელობა შესაძლო ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად გამოეყენებინათ.

ამქარი

ძველად მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანებას "ამქარი" ეწოდებოდა. "ჰამქარ" სპარ­სული სიტყვაა და თანამოსაქმეობას ნიშნავს. ეს ტერმინი საქართველოში XVIII საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა და "ამქარმა" სიტყვები "ასნაფი" და "თაბუნი" ჩაანაცვლა. აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქალაქებში ამქრული ორგანიზაციები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა. ასეთივე ორგანიზაციები IX საუკუნიდან ბიზანტიის ქალაქებშიც ფუნქციონირებდა. მართალია, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ამ საკითხზე არავითარ ცნობებს არ გვაწვდის, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ამქრული ორგანიზაციები ამავე პერიოდში წარმოიშვა.

ხელოსნების თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამქრებს თბილისში ცალ-ცალკე ქმნიდნენ: ხუროები, მეპურეები, ზეინკები და ა.შ. ამ სხვადასხვა დარგის ხელოსნებს ცალ-ცალკე ქუჩები ეკავათ.

XIX საუკუნის პირველი წლების შესახებ კლაპროტი წერდა: "თბილისის ბაზარზე... სხვადასხვა დარგის ხელოსნებია. ერთი ქუჩა მხოლოდ მეფეხსაცმელეებს უჭირავთ, მეორე მექუდეებს, მჭედლებს, ზეინკლებს, ოქრომჭედლებს, იარაღის მკეთებლებს. ყველანი აქ მუშაობენ ყველას თვალწინ". ამ ორგანიზაციაში შესვლა განურჩევლად წოდებისა ყველას შეეძლო. ამქარს ჰყავდა თავისი გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში, ანუ ოსტატების თავი - თავმჯდომარე. უსტაბაშებს კენჭისყრით ირჩევდნენ, თუმცა, მათი "მმართველობის" ვადა განსაზღვრული არ იყო. უსტაბაშების თანამდებობაზე დიდხანს დარჩენა დამოკიდებული იყო მის უნარსა და ავტორიტეტზე, რომელსაც ის ამქრებს შორის იძენდა. ზოგიერთი უსტაბაშად სიკვდილამდეც რჩებოდა. მათ ხელოსანთა ორგანიზაციებზე დიდი გავლენა ჰქონდათ. უსტაბაშის მოვალეობაში შედიოდა ამქარზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა, რომ ხელოსანთა ცხოვრებაში წესიერება არ დარღვეულიყო. უსტაბაშს პატივს სცემდნენ და მის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდნენ. ხშირად უსტაბაში ამქრის წევრის ოჯახურ, ცოლ-ქმარს შორის გამართულ დავაშიც კი ერეოდა. მას და-ძმას ან მეზობლებს შორის გამწვავებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უხმობდნენ. თუ რომელიმე მხარე გაჯიუტდებოდა და უსტაბაშის განაჩენს არ დაემორჩილებოდა, დამნაშავის დასასჯელად არსებობდა "იოლი", ანუ ფულადი ჯარიმა, რაშიც უსტაბაშის მიერ ამქრის წევრის დუქნის გამოკეტვაც იგულისხმებოდა, სანამ დამნაშავე ჯარიმას არ გადაიხდიდა. სასჯელის მეორე საფეხური იყო ამქრის დამნაშავე წევრთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, ანუ "ბოიკოტი", ხოლო მესამე სასჯელი ამქრიდან გარიცხვას გულისხმობდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი