ირინე გუჯაბიძე ლონდონში ჯანმრთელი და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, "Appy Food & Drinks"-ის 5%-იანი წილის მფლობელია. წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას კომპანიის წილი 2 წლის წინ გადაეცა. ირინე გუჯაბიძე Appy Food & Drinks-ში საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტს კურირებს, ყველაფერი კი ლონდონში სწავლის პარალელურად, ამავე კომპანიაში სტაჟირების გავლით დაიწყო. ირინე გუჯაბიძე "ბიზნესპრესნიუსს" თავისი წარმატებისა და გამოცდილების შესახებ ესაუბრა.
ირინე ფოთიდანაა, ლონდონში გამგზავრებამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად, პირველი კურსიდან, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიის, "მაერსკის" ფოთის ფილიალში, საოპერაციო განყოფილებაში მუშაობდა და ასაკით ყველაზე პატარა თანამშრომელი იყო. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, ლონდონში სტუდენტური ვიზით გაემგზავრა. ირინე გუჯაბიძე ბრიტანეთში სანდერლენდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის განხრით სწავლობდა.
"სანდერლენდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა ბრიტანეთში, სადაც კონკურსის გავლის გარეშე მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. გამოცდების ჩაბარება არ დამჭირდა, რადგან ბაკალავრის დიპლომი საქართველოდან უკვე მქონდა, რომელმაც მისაღები გამოცდებისგან გამათავისუფლა. მხოლოდ ინგლისური ენის გამოცდა ჩავაბარე, ასევე სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები წარვადგინე. ამ უნივერსიტეტმა არა მარტო ბიზნესის თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც მომცა, რადგან სტუდენტები სტაჟირებას საერთაშორისო კომპანიებში გავდიოდით, როგორებიცაა "Toyota", "Burberry", "Procter & Gamble" და მრავალი სხვა", - გვიყვება ირინე.