აღმოჩენა გონიოს ციხეში: ნაპოვნია რომაელი მთავარსარდლის სასახლე და I-III საუკუნის ნივთები

აღმოჩენა გონიოს ციხეში: ნაპოვნია რომაელი მთავარსარდლის სასახლე და I-III საუკუნის ნივთები

გონიოში ისტორიულ ციხე-სიმაგრეში რომაული პერიოდის I-III საუკუნის მონეტები და კერამიკული ნივთები აღმოაჩინეს. ბოლო ერთი თვის მანძილზე საექსპედიციო სამუშაოებში ქართველ არქეოლოგებთან ერთად, ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები არიან ჩართული. გათხრების შედეგად გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაელი ლეგიონერებისა და მთავარსარდლის საცხოვრებელია აღმოჩენილი, რომელიც მოზაიკითაა მოპირკეთებული.

ექსპედიციის სპეციალისტი შოთა მამულაძე AMBEBI.GE-თან საუბრისას ყვება, რომ გონიოს ციხის ტერიტორიაზე გათხრები სამ უბანზე მიმდინარეობს და აღმოჩენილი უძველესი ნივთები და ნაგებობები, რომაელი ლეგიონერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს.

"სამ უბანზე ვმუშაობდით. ციხის სამხრეთი-აღმოსავლეთ ნაწილში რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთების მოზრდილი ნაგებობებია, ზოგიერთი მათგანის სიგანე 24-26 მეტრია, რაც საკმაოდ დიდი ნაგებობაა. მეორე უბანი ციხის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთია, აქაც ყაზარმის ნაშთები შეისწავლება, იმიტომ რომ გონიოში დაახლოებით ერთდროულად 1200-დან 1500-მდე ლეგიონერი იდგა და ბუნებრივია მათი საცხოვრებელი ნაგებობები საკმაოდ ბევრია და საინტერესო.

მესამე უბანი, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი მონაკვეთია, სადაც საბოლოოდ გამოიკვეთა, აქ მდგომი ლეგიონერების მთავარსარდლის სასახლე მოზაიკიანი იატაკით, თავისი აბანოთი. ტერიტორიაზე რომაული პერიოდის პირველი-მესამე საუკუნეების მონეტები, კერამიკული ნაწარმი აღმოვაჩინეთ, რომელიც რომაული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებიდანაა შემოტანილი და ჩანს, რომ რომაულ ლეგიონერებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთოებები საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ბრინჯაოს ქანდაკება ირმისა და არწივის გამოსახულებით, ასევე ბეჭდები ძვირფასი თვლებით, სპილენძის მონეტები, კერამიკული და მინის ნაწარმი. მინის ნაწარმი რომაული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებიდან, ძირითადად, სირია და პალესტინიდანაა შემოტანილი", - აცხადებს პროფესორი.

აღმოჩენილი უძველესი ნივთების დამუშავდება და გონიოში მუზეუმში განთავსდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ასლანიშვილის თქმით, აჭარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისათვის სააგენტო 2011 წლიდან ყოველწლიურად აფინანსებს სამუშაოებს. რაც შეეხება გონიოს ტერიტორიაზე გათხრებს, წელს ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარია გამოყოფილი.

"1994 წელს შეიქმნა გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი. 1995 წლიდან ყოველწლიურად გეგმაზომიერი არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. 2011 წლიდან არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას გონიოში აფინანსებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და ბიუჯეტიდან წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის 21 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები დაწყებულია და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღმოჩენილი ნივთები გონიოს მუზეუმების ფონდებში განთავსდება, მასალები დამუშავდება და მნიშვნელოვანი მონაპოვრები გონიოს მუზეუმში გამოიფინება", - აცხადებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"