მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში გუშინ დამხრჩვალი მეორე გოგონას ცხედარიც იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ. ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
ადგილზე მუშაობდა ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი. მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი გუშინ ამოიყვანეს, მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.