ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა, - ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივრებს.
მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველების გვერდში დგომა. "დაუღალავი შრომის შემდეგ, ბევრი კრიტიკის შემდეგ, 12 ივლისს, როდესაც გავხდით ჩემპიონები და მივიღე ეს თასი, ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი. ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თაისის ოფიციალური წარდგენის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებიან. ღონისძიებაზე საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა.
შეკრებილ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა. სპორტსმენის თქმით, ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ღონისძიების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. NBA-ის თასი ზაზა ფაჩულიამ საქართველოში გუშინ ჩამოიტანა.