08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...

08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...

...2008 წლის შემდეგ ყოველი აგვისტო მძიმე ემოციებით იწყება. გახსენდება ბავშვობა, სახლი თამარაშენში და მისი სუნი, ყველა ქუჩა, სადაც გაგივლია, მეზობლები, რომლებიც ისევ შენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ შენ ის მეზობლები გახსენდება, შრომით დაღლილები ყოველ საღამოს რომ იკრიბებოდნენ და თავს საუბრით ირთობდნენ; გახსენდება, რომ იქ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. შემდეგ წარმოიდგენ, როგორ გადაწვეს ოკუპანტებმა მთელი ეს სილამაზე რამდენიმე დღეში და ბოღმა გახრჩობს, მაგრამ რას ცვლი? ვერაფერს.

თამარაშენი, 2008 წელი

აგერ უკვე მეათე წელი დაიწყო აგვისტოს მოვლენების შემდეგ და საქართველოს სასარგებლოდ არც არაფერი მომხდარა - ოკუპაცია ახალ რელსებზე გადავიდა და ამჯერად უსისხლოდ, მცოცავი ოკუპაციით ვკარგავთ ტერიტორიებს.

სრული 9 წელი შესრულდა, რაც 14 წლის ასაკში თამარაშენში საკუთარი სახლი დავტოვე - 1-ელ აგვისტოს, ოჯახის წევრებმა ისე, რომ ჩემი სურვილი არც კი გაუთვალისწინებიათ, ჩამსვეს (ჩემს ძმასთან ერთად) მეზობლის მანქანაში და ნათესავთან, გორის რაიონში გამომამგზავრეს. მე კი, პროტესტის ნიშნად საჭირო ნივთებიც არ წამოვიღე, ხვალ ისევ უკან უნდა მოვბრუნდე-მეთქი. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ომი და დაძაბულობა სულ იყო (პასიური და ნაკლები მსხვერპლით, მაგრამ იყო), ამიტომ მეც და ჩემს ძმასაც გვეგონა, მორიგი პროვოკაცია იყო და დღეს-ხვალ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ სულ ტყუილად - რამდენიმე დღეში ილუზია იმის შესახებ, რომ სახლს დავუბრუნდებოდით, სრულიად გაქრა...

კინოთეატრი თამარაშენში, ჩემს ქუჩაზე ომამდე და ომის შემდეგ

5 აგვისტოდან საინფორმაციო საშუალებებსა და მობილურ ტელეფონს მივეჯაჭვე, ისე, რომ დაძინებაზე არც მიფიქრია. მედიაში საშინლად უიმედო ინფორმაციებს ვისმენდი, მაგრამ უამისოდაც არ შემეძლო, უნდა გამეგო, სად, როდის და რა ვითარება იყო, რადგან ჩემს მშობლებსა და ბებიას სახლი 8 აგვისტომდე არ დაუტოვებიათ და მთელი ჩემი ყურადღება მათზე იყო მიმართული. მედიასაშუალებები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ოჯახში მეც საათში 20-ჯერ ვრეკავდი, ხომ კარგად ხართ-მეთქი, ისინი კი ოცივეჯერ გულს მიკეთებდნენ, ყველაფერი კარგად არისო; თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი არ იყო კარგად...

ყველაზე რთული 7 აგვისტოს ღამე აღმოჩნდა - ცხინვალში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სატელეფონო კომუნიკაცია გართულდა, მშობლებთან დაკავშირებას იმ ინტენსივობით ვეღარ ვახერხებდი, ყოველ დარეკვაზე კი მკვეთრად მესმოდა აფეთქებების ხმა, რაც ნამდვილად არ იყო კარგის ნიშანი. მთელი ღამე ვოცნებობოდი, გამღვიძებოდა და ყველაფერი არა რეალობა, არამედ რამდენიმეწამიანი ღამის კოშმარი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი სასწაულები იშვიათად ხდება - გათენდა და გამოგვიცხადეს, რომ აღარც გორის რაიონია უსაფრთხო და 12 წლის ძმასთან ერთად, სრულიად მარტოები, ქართლისგან შორს, საჩხერეში, მამიდასთან წავედით. მთელი ღამის ოცნება, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ჩაიფუშა. დედა დილიდან მატყუებდა, ყველაფერი კარგად არის, ქართული ჯარი ცხინვალშია და სულ მალე ვნახავთ ერთმანეთსო, სინამდვილეში კი, მთელი სამაჩაბლო დაცლილა მოსახლეობისგან და სახლიდან გამოქცეულები უკვე გორში ემალებოდნენ რუსულ ბომბდამშენებს. ბევრიც რომ მოეტყუებინათ, "ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს" და მეც მიკროავტობუსშივე, რადიოს ახალი ამბებით გავიგე - "ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარია", "მოსახლეობამ საცხოვრებლები დატოვა", "გორში რუსულმა ბომბდამშენებმა გორის სამხედრო ბაზა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს" და შემდეგ უკვე არ მახსოვს...

თამარაშენი, 2008 წლის 12 აგვისტო. ფოტო: ვიაჩესლავ კოჩეტკოვი

9 აგვისტოდან მომხდარის გაანალიზება და ახალი ცხოვრება დაიწყო. უმთავრესი ღირებული რამ დაგვრჩა - გადავრჩით. თუმცა საბოლოოდ, რეალობა არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა - რამდენიმე ათეული დევნილი ქვეყანას, დაკარგული სოფლები და არანაირი იმედი დაბრუნებისა. მოკლედ, გადაწყდა - ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ჰუმანიტარული პლასტმასის თეფშითა და ჩანგლით...

თავიდან ახალი ცხოვრების ყველა დეტალი გეზიზღება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების სახე, სიბრალულის თვალებით რომ გიყურებენ. სიბრალულის გარდა ზიზღიც იყო - ვის რატომ ეზიზღებოდა სახლ-კარ დაკარგული ადამიანები, დღემდე ვერ ამოვხსენი, მაგრამ ამით იმაში დავრწმუნდი, რომ არც ისეთი კარგი ერი ვართ, როგორადაც გამუდმებით ვაჩვენებთ თავს ერთმანეთსაც და სხვებსაც. ჩვენ ახალი ცხოვრების დაწყება და ფეხზე დადგომა რამდენიმე თვეში შევძელით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი, რომელიც "აგვისტოს 5 დღეს" ტელევიზორში ნანახით იცნობს, დღემდე ფიქრობს, რომ სამაჩაბლოში ისევ ცხოვრობს ხალხი, ვიღაცას ჰგონია, რომ ომი გორში მოხდა და სამაჩაბლოს შესახებ არაფერი სმენია...

არა და, სინამდვილეში როგორი მძიმეა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგი - აფხაზეთისა (კოდორის ხეობაში 22 სოფელი) და ცხინვალის რეგიონში (103 სოფელი) დაკარგული 125 სოფელი, 20 000-მდე დევნილი ადამიანი და მთავარი - ცოცხალი ოკუპაცია, რომელიც არ დასრულებულა და მავთულხლართებისა თუ ბანერების სახით ყოველდღიურად გვახსენებს თავს.

თამარაშენი 2016 წელი. იქ სადაც წლების წინ სახლი იდგა, ახლა ბალახი ბიბინებს...

08.08.08. - ეს არის თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა და სახეში მომახალა, 14 წლის ასაკში ბავშვობა უნდა დაასრულო და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოო...

მთავარი ფოტო: ვიაჩესლავ კოჩეტკოვი

ელზა ელბაქიძე

AMBEBI.GE

ასევე ნახეთ: "აგვისტოს ომის კალენდარი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი