"ამ მდგომარეობიდან ფსიქოლოგიური დახმარებით გამოვედი..." - როგორია პრეზიდენტთან მუშაობა მისი პირადი ფოტოგრაფისთვის და რას იხსენებს აგვისტოს ომზე

"ამ მდგომარეობიდან ფსიქოლოგიური დახმარებით გამოვედი..." - როგორია პრეზიდენტთან მუშაობა მისი პირადი ფოტოგრაფისთვის და რას იხსენებს აგვისტოს ომზე

ძალიან უყვარს საქმე, რომელსაც წლებია ემსახურება. ალბათ იშვიათია ფაქტი და უახლესი ისტორიის რაიმე ეპიზოდი, მის ფოტოაპარატს არ დაეფიქსირებინა. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ყოველი გადაღება მაინც პირველივითაა და საპასუხისმგებლო...

ამჟამად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფია, სულ თან დაჰყვება და როგორც ამბობს, ასახავს რეალობას, დადგმისა და შელამაზების გარეშე. მთავარია, ხელიდან არ გაუშვას კადრი, რომელიც როგორც მისთვის, ისე ისტორიისთვის მნიშვნელოვანია.

AMBEBI.GE ლელი ბლაგონრავოვას თავის პროფესიულ გამოცდილებასა და იმ საქმეზე ესაუბრება, რასაც დღეს დიდი მონდომებით ემსახურება. ასევე იმ ემოციაზე, რასაც პრეზიდენტის ფოტოგრაფობა ჰქვია.…

- ფოტოსაქმე საკმაოდ ადრეულ ასაკში დაგიწყიათ, თან, ისეთ დროს, როცა ფოტოგრაფობა, მით უფრო ქალის, პოპულარული არ იყო...

- ფოტოგრაფიას 1994 წელს ვეზიარე. ჟურნალისტიკაზე მოსამზადებელ კურსებზე ვსწავლობდი, სადაც ეს დარგიც ისწავლებოდა, მაგრამ მე უფრო სერიოზულად დავინტერესდი, ვიდრე კოლეჯის კურსი ამის საშუალებას მაძლევდა, ინტენსიურად და მრავალმხრივ. იმის გამო, რომ იმ პერიოდში დიდი არჩევანი არ იყო, როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად, რაც შეიძლებოდა მაქსიმუმს ვიღებდი. იმ პერიოდში, ჩემი პირველი ფოტო, მახსოვს, გაზეთ "7 დღეში" პირელ გვერდზე დაიბეჭდა. ცოტა ხანს იქ შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტად ვიმუშავე. ვიღებდი, თვითონ ვამჟღავნებდი, ვბეჭდავდი და მიმქონდა გაზეთის რედაქციაში, მაგრამ ვერ დავაკმაყოფილე მაშინდელი გაზეთის სტანდარტები და წამოვედი...

სულ მალე 1996 წელს ასევე უშტატო კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სააგენტო "საქინფორმში," რომელიც მაშინდელ პრეზიდენტს - ედუარდ შევარდნაძეს და ზოგადად, მინისტრთა კაბინეტს ემსახურებოდა. ისე არ იყო, როგორც ახლა, ყველა სამინისტროს თავისი პრესსამსახური რომ აქვს, მხოლოდ "საქინფორმი" გახლდათ და მალე მისი შტატიანი ფოტოგრაფიც გავხდი. დიდი შრომა და ინტენსიური მუშაობა დამჭირდა. ფოტოგრაფიას ახლაც დიდი დრო სჭირდება, საკუთარ თავზე ყოველდღეა სამუშაო ისე, როგორც სპორტსმენს სჭირდება ფორმაში ყოფნა და ყველდღიური ვარჯიში... 

ფოტოგრაფია მოდური და პოპულარული 2000 წლიდან გახდა, მანამდე კი, როცა კამერით ქუჩაში დავდიოდი, ფიქრობდნენ, ეტყობა, უჭირს, რომ ფოტოებს იღებსო... გოგონები ჩვენს სფეროში ფაქტობრივად, არ მუშაობდნენ, ჩემ გარდა კიდევ 2 გოგოს ვიცნობდი - ზინკა ბარნოვას, ისიც "საქინფორმში" მუშაობდა და ნათელა გრიგალაშვილს, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში საქმიანობდა.

ფოტოგრაფია უფრო მამაკაცების სამსახურთა ჩამონათვალში გახლდათ... დიდი შრომის პარალელურად, უცხო ხალხთან მუდმივად კომუნიკაცია იყო საჭირო, გადაღება, რესპოდენტები და რაც მთავარია, აპარატურა, ტექნიკა, რომელიც მუდმივად თან უნდა გეტარებინა, იყო და არის უმძიმესი (დღესაც, როცა საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტად მივყვები, ჩემი ტექნიკური აღჭურვილობა 18 კილოგრამამდე იწონის და ამ ყველაფერს თან ვატარებ).

იმ პერიოდში, როცა მუშაობა დავიწყე, საქართველოში ბევრი სამხედრო "აჯანყება" ხდებოდა, ამასთან, პანკისში ლტოლვილების ნაკადები არ წყდებოდა, სადაც სამუშაოდ ჩასულ გოგონებს არასერიოზულად გვიყურებდნენ.

- დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობთ, პრესცენტრში, ხართ საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- პირველ რიგში, ეს გუნდური მუშაობის დიდი გამოცდილებაა, როცა ყველა ვმუშაობთ და ვაკეთებთ ერთ საქმეს და აქვე ყველას თავისი მოვალეობა აქვს. ჩემი, როგორც ფოტოგრაფის, მოვალეობა - უდიდესი ნდობაა, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტის, ასევე გუნდის მხრივ...

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფობა ეს სამსახურია, რომელიც არაფერს ჰგავს და ვერაფერს შეადარებ. როგორც ვთქვი, უპირველესად, ნდობაა, პროფესიონალიზმის გამოწვევა, - არასოდეს ხარ თვითდაჯერებული. როცა გგონია, რა უნდა ამა თუ იმ ღონისძების გადაღებას, ზუსტად მაშინ არ გაქვს საჭირო კადრი, რომელიც საბოლოოდ არჩევაში ან რედაქტირებაში გჭირდება, ამიტომ, ყველა გადაღება პირველი გადაღების ტოლფასია, რისთვისაც სულ ვნერვიულობ და ვემზადები...

- როგორია პრეზიდენტ მარგველაშვილის გვერდით საქმიანობა? უყვარს ფოტოების გადაღება? რაიმე მითითებები ხომ არ ახასიათებს?

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამაყეა. თავიდან ძალიან გვიჭირდა, რადგანაც ძნელია, მუდმივად ვიღაც რომ დაგყვება და თან, სურათებს გიღებს. ალბათ 6 თვე დაგვჭირდა, რომ შეჩვეოდა იმას, რომ სულ მის გვერდით ვარ და ვიღებ... ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისთვის, მნიშვნელოვანია ფოტოზე ავსახო რეალობა, არ ვდგამ ფოტოებს და მინიმალურად ვმუშაობ ფოტოშოპში, რადგან დამუშავებულ ფოტოს ხშირად საერთაშორისო სააგენტოები არ იღებენ...

ბატონ გიორგის ფოტოების გადაღება არ უყვარს და ასევე არ ახასიათებს მითითებებიც...

- ხომ არ გახსენდებათ ამბავი, რაც ბატონ პრეზიდენტს უკავშირდება, რომელიც არცისე მარტივი ეპიზოდი იყო, მაგრამ დღეს მხიარულად ყვებით?

- მახსენდება ერთი ამბავი, რასაც ახლაც ძალიან მხიარულად ვიხსენებ. უკრაინაში ვიყავით მიწვეული, ჩვენ გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალჩინოსნებიც იყვნენ. კიევის ცენტრში დიდი მონაკვეთი ფეხით უნდა გაევლოთ და ამით პატივი მიეგოთ მაედანის მოვლენებისთვის. საკამოდ დიდი მანძილი იყო (მგონი, 5 კილომეტრი). მთელი მონაკვეთი ფაქტობრივად, უკანსვლით ვიარე, ამის გარდა ჯაჭვს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი იდგა, ვერ ვხედავდი, რადგან გარდა უკრაინული სპეცსამსახურებისა, ყველა იმ მაღალჩინოსანის დაცვით იყო შემორტყმული, ვინც იქ იმყოფებოდა. პრეზიდენტი რომ დამენახა, უნდა ავსულიყავი მაღალ წერტილზე, თან, უნდა მევლო. მერე, ერთი კადრი მაინც რომ გადამეღო, სპეცსამსახურებს შეუვარდი, მაგრამ უკან გამომაგდეს, გაყინულ გორაკზეც ავირბინე და წავიქეცი. მოკლედ, საოცარი წვალებით დავფარე ის კილომეტრები...

- მიუხედავად სირთულეებისა, რა ხიბლი აქვს საქმეს, რომელსაც უკვე წლებია, ემსახურებით?

- ყველაზე არამოსაბეზრებელი, "ყოველდღე განსხვავებული" და საინტერესო პროფესია მაქვს. არაფერში გავცვლიდი ჩემი "ბავშვობის" არჩევანს. ფოტოგრაფია მეხმარება ვიყო ის, ვინც ვარ, გადმოვცე ისე, როგორც ვხედავ და რაც მთავარია, მოვყვე ამბავი, რაც ჩემ ირგვლივ ხდება ჩემებურად და ეს "ენა" ყველას ესმის...

ალბათ სამსახურებრივი სტრესიც მომხიბვლელია, ამასთან, ხშირად მარტო მე მაქვს ესა თუ ის ფაქტი დაფიქსირებული და ხშირად სიუჟეტებიც ეწყობა ჩემი გადაღებული ფოტოებით იმიტომ, რომ უმეტესად ერთადერთი ვიზუალური წყარო ვარ. ამიტომ პასუხისმგებლობა არის პირველი, მერე მობილიზაცია, მერე ტექნიკა და ასე შემდეგ.

ასევე უმეტესად ვარ ისეთ ადგილებში ან ისეთ ადამიანებს ვხედავ, რომლებსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ვერ ნახავ, ესეც ჩემი პროფესიის ხიბლია.

- სასურველი კადრისთვის ალბათ ხშირად გაგირისკავთ.

- რისკი ფოტორეპორტიორისთვის აუცილებელი "ატრიბუტია". მახსენდება (შევარდნაძის პრეზიდენტობა) დავალება მქონდა: პრეზიდენტს რომელიღაც აჯანყებულ სამხედრო ქვედანაყოფში უნდა დავხვედროდით. ფაქტობრივად, შევიპარე და ნიღბებიანი, შეიარაღებული ადამიანების გადაღება დავაპირე, დამინახეს...  ფირის გადამალვა მანქანის სკამის ქვეშ შევძელი და აპარატში ახალი ფირი ჩავდე. რომ მოვიდნენ, ახალი ფირი წაიღეს, არადა, ხომ ვიცოდი, რომ სასურველი კადრი სკამის ქვეშ მელოდა. ამ ფაქტის შემდეგ შენიშვნა კოლეგებისგან მივიღე, რადგან ჩემი ქმედებით მათ ანგარიში არ გავუწიე. მოკლედ, როცა სამსახურში ადრენალინით დატენილი დავბრუნდი და ფირი გავამჟღავნეთ, კადრი ტექნიკურად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ არასოდეს ვრისკავ ისე, თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ ღირს, ან ნამდვილად მექნება სწორად გადაღებული ფაქტი.

- კონფლიქტის ზონაშიც ხშირად გიმუშავიათ. რა უნდა იცოდეს იქ ფოტოგრაფმა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმოქმედოს?

- პირველ რიგში, უნდა წაიღო ისეთი აპარატურა, რომელსაც კარგად იცნობ, რადგან არ იცი, სად გაგითენდება ან დაგიღამდება, სულ თან უნდა ატარო და შეიძლება დაგიზიანდეს კიდეც, ამიტომ დამატებით ერთი "პატარა" კამერაც თან უნდა გქონდეს.

ასევე უნდა გაუფრთილდე კამერების რესურსს, ელემენტს, ბარათს...

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი უსაფრთხოებაა. უნდა იცოდე, - სად მიდიხარ, სად შეხვიდე, ვის ეკონტაქტო. უნდა იყო სხვებთან ერთადაც, მაგრამ მაინც მარტო. იყო მაქსიმალურად ინფორმირებული, თუ რა ხდება შენს ირგვლივ.

- 2008 წლის ომში მიღებული გამოცდილება რას ნიშნავს თქვენთვის და აქვე საინტერესოა, რა გრძნობაა საკუთარ ქვეყანაში ომის დროს ფოტოგრაფობა?

- ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეები იყო, დღეები, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა წუთი მახსოვს. 2 დღეში მგონი, 10 წელი ვიცხოვრე, 2 დღეში გავიზარდე და გავხდი სხვა ადამიანი... ნახევრად რუსი ვარ და ეს ომი ჩემთვის განსაკუთრებულად სტრესულიც იყო. თუმცა შემდგომ ამ მდგომარეობიდან ფსიქოლოგიური დახმარებით გამოვედი...

საკუთარ ქვეყანაში ომი ეს ყველაზე დიდი უბედურებაა და განცდა, რაც შეიძლება დაგვემართოს... ირგვლივ ყველაფერი ჩერდება და გესმის მარტო სუნთქვა. გარშემო სიჩუმე და შოკია... გესმის დამტვრეული მინების ხმები და შველას რომ გთხოვენ, არ იცი, რა ქნა...

ერთი დაზუსტებით ვიცოდი, - უნდა გადამეღო და სხვებს მხოლოდ ასე დავხმარებოდი. არ ვარ ექიმი და არც კონფლიქტოლოგი, ფსიქოლოგი, არ ვიცი, ამ დროს რა ველაპარაკო დაზარებულ ადამიანებს, რომლებსაც ფეხებთან დაღუპული ოჯახის წევრი უწევთ...

- ვიცი, რომ გყავთ სტუდენტები, რომელსაც ფოტოგრაფიას ასწავლით. რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა მათ მიმართ?

- სტუდენტები 2005 წლიდან მყავს. ეს ცალკე სამსახურია, რომელიც ასევე რთულია და საინტერესოც. სტუდენტები მაძლევენ საშუალებას, აღქმა არ დავკარგო თუ რა აინტერესებთ და რა უნდათ. მინდა, ჩემი ცოდნაც გავუზიარო იმ ენაზე, რა ენაც ესმით. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ის, რაც აინტერესებდათ 10 წლის წინ, ახლა არ აინტერესებთ, ტექნოლოგიებმა და კიდევ მეტმა ინფორმაციამ ინტერესები შეცვალა და სხვა მოთხოვნები აქვთ ლექტორების მიმართ, ამიტომ ყოველი სასწავლო წლის დაწყების წინ ვემზადები. ინსტიტუტში (GIPA) 3 "სხვადასხვა" ფოტოგრაფიას ვასწავლი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტებს - მაგისტრებს, ბაკალავრიატს, არტმიმართულებას და სხვადასხვა სამომავლო კურსისთვის პერიოდულად სილაბუსებსაც ვწერ.

მოთხოვნა დავალების შესრულებაა, ეს არის ის აუცილებელი, რასაც ვითხოვ, რადგან დავალების შესრულებით ვხედავ, რა ისწავლეს, რთულია თუ მარტივი, აინტერესებთ თუ არა. ბევრი დეტალია, რასაც ყველა დავალებაში ვდებ. ფოტოგრაფია ხომ პრაქტიკაა?

- როგორ ფიქრობთ, ფოტოგრაფიას "სქესი" აქვს? ანუ რით განსხვავდება ქალის მიერ გადაღებული ფოტო, მამაკაცის მიერ გადაღებულისგან (თუ ასეთი საერთოდ არსებობს).

- რთული კითხვაა... განსხვავება არის როგორც კომპოზიციურად, ისე შინაარსით. უფრო მარტივად რომ ავხსნა, ეს არის ემოციების და გრძნობების, განწყობის გადმოცემა. "ერთნაირად" ვერ გადავიღებთ ქალს, რომელიც შვილის სიკვდილს დასტირის...

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი. როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებულება თქვენი პროფესიისადმი?

- ჩემი დღევანდელი სამსახური ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაა, რადგან სანამ დავთანხმდებოდი, ავუხსენი, რომ სულ სამსახურში ვიქნებოდი...

მყავს ერთი შვილი, 6 წლის ანდრია. ჩემს რეჟიმს შეეჩვია და თავიდან თუ მეტირებოდა და სამსახურში არ "მიშვებდა," ახლა მოწყენილად, მაგრამ გაგებით ეკიდება. სამსახურში ხშირად დამყავს, რომ ნახოს, თუ რას ვაკეთებ და ამით უფრო ხვდება, სად მივდივარ და რატომ. ფოტოებს არ მაღებინებს და მეუბნება, - ახლა ხომ არ ხარ სამსახურში და რატომ მიღებო? მოკლედ, ეს არის სულ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ერთ-ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს" - ბოლო ცნობები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე