2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა.
ვისაც თბილისის ძველ უბნებში ხშირად უწევს სიარული, უცხოელი ტურისტების აქამდე არნახულ სიმრავლეს შენიშნავდა. "არნახულს" გადაჭარბებით სულაც არ ვამბობ, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ და ამდენი უცხოელი ტურისტი ჩვენს იტალიურ ეზოსა თუ ქუჩაზე აქამდე არასდროს მინახავს. ვისთვისაც სასტუმროებისა და გესტჰაუზების ფასები ძვირია, ბინას ან ოთახს ქირაობს, ამიტომ სახლიდან გამოსულს ხან ინდოელი მესალმება, ხან ირანელი, ხან ფრანგი და ხანაც უკრაინელი. როგორც ამბობენ, საქართველოში ჩამოსასვლელად რამდენიმე რამ იზიდავთ: ქართული სამზარეულო, კულტურული ძეგლები და ხელმისაწვდომი ფასი.
ტურისტების რაოდენობა რომ ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. ცოტა ხნის წინ მეილზე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "გალთ ენდ თაგარტის" კვლევა მივიღე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური წყაროსგან მიღებული საინტერესო ინფორმაცია იყო მოცემული. ოფიციალური სტატისტიკითაც, ბოლო დროს ირანელი ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში უკრაინელი ტურისტებისას გადააჭარბა. არადა, უკრაინა საქართველოსთვის ტურისტების სიმრავლით ტრადიციული ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი და თურქეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით ტრადიციული ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალოს და მეზობლების ნაცვლად, ტურისტების სიმრავლით პირველ პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ.
საგარეო შოკების მიუხედავად, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი ქვეყანაში მაინც დინამიკურად ვითარდებოდა. მაშინ, როცა ფულადი გზავნილები და ექსპორტი მცირდებოდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირიქით, იზრდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ლარის სტაბილურობისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ განიხილება. მაგალითად, შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებელი წლეულს 17%-მდე გაიზრდება. სხვათა შორის, საქონლის ექსპორტი გასულ წელს გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. და თუ გასულ წელს ტურიზმმა 2,2 მილიარდი დოლარი მოგვცა, ხუთი წლის წინ, 2012 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,4 მილიარდი დოლარი იყო.