ელჩი - ისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები, აუტოფსიის ჩატარებისა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება

ელჩი - ისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები, აუტოფსიის ჩატარებისა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება

ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში დაღუპული ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები, აუტოფსიის ჩატარებისა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განუცხადა.

ელჩის განმარტებით, ნიკა ბეგაძის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით მოხდა.

"პოლიციისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით, ცხედარი ამოცნობილია და ეს ნიკა ბეგაძეა, აუტოფსიის ჩასატარებლად კი ოჯახის წევრების თანხმობა დასჭირდებათ. ოჯახი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია, ინფორმაცია მივაწოდეთ ისლანდიაში მყოფ ნიკა ბეგაძის ახლობლებს. რაც შეეხება გადმოსვენების საკითხს, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში გიგი გიგიაძემ.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში მამაკაცის გვამი გუშინ იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისლანდიის პოლიცია ნიკა ბეგაძის საძიებო ღონისძიებებს 19 ივლისიდან აწარმოებდა.

ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.

ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი. რუსთაველი ახალგაზარდა ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი