გაიცანით, საქართველოს საბაჟოს ოთხფეხა მცველები

გაიცანით, საქართველოს საბაჟოს ოთხფეხა მცველები

გერმანული ნაგაზი, მეტსახელად "ლაქსი", საქართველოს საბაჟო საზღვარს უკვე სამი წელია, 24 საათის განმავლობაში იცავს. ამაში მას კინოლოგ-ოფიცერი სანდრო ხუციშვილი ეხმარება.

"ლაქსი" 5 წლის ჭკვიანი და დამჯერი ძაღლია. საქართველოს სადარაჯოზე 2014 წლიდანაა. საქართველოს საბაჟოს კინოლოგიის ცენტრის ისტორიაში პირველი ძაღლი იყო, რომელმაც კონტრაბანდული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.

"ლაქსი", ბევრი სხვა სამსახურებრივი ძაღლის მსგავსად, საქართველოში აშშ-დან ჩამოიყვანეს. "კარიერა" დაიწყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "წითელი ხიდი", მუშაობდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე ვალესა და ყაზბეგში. 2014 წლიდან დღემდე "ლაქსას" აღმოჩენილი აქვს მარიხუანა, ექსტაზი და მეტამფეტამინი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის სამსახურში დღეისათვის 28 სამსახურებრივი ძაღლია, აქედან 25 გაწვრთნილია ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე, ხოლო 3 - თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე. გარდა ამისა, სამსახურის კინოლოგები 9 ლეკვს წვრთნიან.

კინოლოგიის სამსახურს ჩემპიონებიც ჰყავს. ყველაზე მეტი აღმოჩენა ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლს "ბორისს" და კინოლოგ-ოფიცერ ომარ ქულიჩიშვილს აქვთ.

"ლაქსის" მსგავსად, სამსახურებრივი ძაღლების დიდი ნაწილი საქართველოში აშშ-დან მოხვდა. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში კინოლოგიური სამსახური 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს. დეპარტამენტმა აშშ-ში შეისყიდა ნარკოტიკების ძებნაზე გაწვრთნილი 18 სამსახურებრივი ძაღლი, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველი კინოლოგ-ოფიცრები გადაამზადეს და სამსახურებრივ ძაღლებთან დააწყვილეს.

როგორც წესი, ყოველ სამსახურებრივ ძაღლს ჰყავს თავისი მეწყვილე კინოლოგ-ოფიცერი. ძაღლი თავის მეწყვილეს უნდა ეწყობოდეს ხასიათით, ტემპით და სხვა თვისებებით, რაც უზრუნველყოფს ძაღლსა და კინოლოგ-ოფიცერს შორის კარგ ურთიერთობას. დაწყვილების და შემდგომი სწავლების პროცესს ხელმძღვანელობს კინოლოგ-ინსტრუქტორი. დაწყვილების პროცესი იწყება სამსახურებრივი ძაღლისთვის მეწყვილის შესაფერისი კანდიდატის მოძიებით. კანდიდატი გადის პირველად გასაუბრებას და ერთგვარ შემოწმებას, აქვს თუ არა მას დამწყები კინოლოგ-ოფიცრისათვის საჭირო და აუცილებელი თვისებები.

შესაფერისი კანდიდატი იწყებს ძაღლთან ყოველდღიურ ურთიერთობას, ზრუნავს მასზე, ათამაშებს, ასეირნებს. რამდენიმედღიანი ურთიერთობის შემდეგ უკვე ჩანს, ყალიბდება კავშირი თუ არა მათ შორის. მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია კინოლოგ-ინსტრუქტორის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე. თუ შეჩვევისას კონტაქტი ყალიბდება, პროცესი ნელ-ნელა გადადის კინოლოგ-ოფიცრად გადამზადების და სწავლების ეტაპზე.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლები "ვორუსი", "ოქსი" და "ნიკი" მეწყვილე კინოლოგ-ოფიცრებთან უკვე რამდენიმე თვეა მსახურობენ საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო".

2017 წელს საქართველოს საბაჟოს ოთხფეხა "თანამშრომელმა" საქართველოს საბაჟოს ისტორიაში პირველად საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და მეექვსე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გაიმართა. სამსახურებრივ ძაღლებს მიეცათ ნარკოტიკების, იარაღის, საბრძოლო მასალისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენის დავალება. 8 ქვეყნის 29 გუნდი მონაწილეობდა შეჯიბრში. საქართველოდან ასპარეზობდა ერთი გუნდი - კინოლოგ-ოფიცერი ვლადიმერ შალუტაშვილი ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლით "ტუსა".

სადღეისოდ, კინოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფილია 10 საბაჟო გამშვები პუნქტი და 4 გაფორმების ეკონომიკური ზონა. სამომავლოდ გათვალისწინებულია, რომ აღნიშნული მომსახურებით ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კონტროლის პუნქტი იქნება უზრუნველყოფილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი