სოფელ დაბას მიმდებარედ, მთის ქედზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო. ცეცხლს ძლიერი დაკვამლიანება ახლავს თან. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს.
სავარაუდოდ, სწორედ ძლიერი ქარი გახდა ცეცხლის გავრცელების მიზეზი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება სწორედ გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება. სამინისტროს განცხადებით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება მაშველებს ხელს უშლის ხილვადობაში.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად აზერბაიჯანის მთავრობას მიმართა, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.
"მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 00:06 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან", - აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. იხილეთ ვიდეო
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად მონაწილეობას იღებს ხანძრის ქრობის პროცესში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, გუშინ მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ.