ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანიდან მეორე ვერტმფრენიც მოემართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნულ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის ჩამოფრინდება მეორე ვერტმფრენი საქართველოში.
აზერბაიჯანმა პირველი ვერტმფრენი დღის განმავლობაში გამოაგზავნა, რომელიც ქართულ ვერტმფრენთან ერთად ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში იყო ჩართული. ამ დროისთვის, ღამისა და რთული ხილვადობის გამო ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენმა სამუშაოები შეწყვიტეს და დილის 00:06 საათიდან გააგრძელებენ.
ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის გამო სოფელ დაბის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც ყიფიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ არის, რადგან მობილიზებულია სამშველო-სახანძრო სამსახურები. გადაწყვეტილებას იღებენ სწორედ ეს სამსახურები", - განაცხადა ყიფიანმა.
მისივე თქმით, ისევ ძლიერი ქარია, რის გამოც ხანძრის გავრცელების არეალი ფართოვდება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მიემგზავრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ამასთან, პრემიერის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.