უძრავი ქონების სპეციალისტთა მოსაზრებით, ბოლო წლებში, სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ გაღარიბებული კომპანიების რიცხვი უფრო მეტია.
ამ კომპანიებმა ვერ დაძლიეს 2008 წლის ომით და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები და კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ათეულობით ფირმის დასახელება შეიძლება, რომელმაც საქართველოში უამრავი ადამიანი დააზარალა. ბოლო ხანებში ყველაზე სკანდალური „ცენტრ პოინტის“ საქმე იყო, რომელსაც „ბაგები სითი ჯგუფიs“ გაკოტრებაც მოჰყვა. სამართალდამცავ ორგანოებში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა უამრავი საჩივარია შესული და მათ საქმეებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში უფრო მეტი გაღარიბებული კომპანიაა, ვიდრე ოფიციალურად არის აღრიცხული.
„ჩემი აზრით, 20-25% მიახლოებითი ციფრია და გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია: ზოგი გაკოტრების პროცესშია და ეს ოფიციალურად არ გაუცხადებია, ზოგი კი - ელოდება, რომ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. ჩემი აზრით, სამშენებლო ფირმების უმრავლესობა ისედაც გაკოტრებულია, რადგან ისინი უხარისხოდ აშენებენ. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ქართულ სამშენებლო სექტორზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა, მაგრამ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზებიც არსებობს: პირველი მათი არაპროფესიონალიზმია. კბილის ექიმი, ან გინეკოლოგი რომ სახლს ააშენებს, იქ რომელ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ? თუ ასეა, მე პროფესიით მშენებელი ვარ და მომცენ უფლება, რომ ოპერაციები ვაკეთო. სწორედ ამის ბრალია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებული და მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა უკვე დაიბზარა, ამ ბინების მყიდველი კი - მოტყუებული დარჩა“, - აღნიშნავს ანზორ საკანდელიძე.
მისი შეფასებით, კომპანიები, რომლებიც არსებობენ და საქმიანობას აგრძელებენ, ამას მხოლოდ დაბალი ხარისხის ხარჯზე ახერხებენ.
„როცა შემოწმებები დაიწყება და გაირკვევა, ვინ რა ააშენა, ან რა გააკეთა, თითქმის ყველა კომპანია გაკოტრდება მათ მიერ შექმნილი წუნდებული პროდუქციის გამო და აღებული ფული უკან დასაბრუნებელი გაუხდებათ“, - აღნიშნავს ის.