პროფესიონალიზმითა და პაციენტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეული ცნობილი ექიმები – გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, ირაკლი თოდუა, დავით დოთიაშილი, ზურაბ ნარიმანიძე, რამაზ აღლემაშვილი და ვადიმ ხატიაშვილი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან თანაპარტნიორობით, 2015 წლის პირველ ოქტომბერს, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ინოვა“დააფუძნეს. მათი მთვარი მიზანი საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების დამკვიდრება იყო.
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“, რომელიც თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის I შეს. #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ. #7)-ში მდებარეობს, აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით - კლინიკაში არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. „ინოვა“ მაქსიმალურად კეთილმოწყობილია და მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე; ამასთან, სამედიცინო ცენტრი გათვლილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებზეც. აღსანიშნავია, რომ კლინიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში სამედიცინო სერვისების განვითარებისთვის, აქ ტარდება ოპერაციები როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ; ამასთან, იმართება დარგობრივი კონფერენციები, სადაც საოპერაციოდან ხდება პირდაპირი ჩართვების - live surgery -ს უზრუნველყოფა.
„ინოვას“ აღმასრულებელი დირექტორია ცნობილი ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილი, რომელიც წარმატებით ატარებს ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციებს როგორც ხერხემლის პათოლოგიებზე, ასევე სამწვერა ნევრალგიებზე.
„ინოვას“ ექიმების გუნდის წევრია ცნობილი ზოგადი ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი დავით აბულაძე, რომელიც საქართველოში ბარიატრიული ქირურგიული მეთოდით მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია.
„ინოვას“ ნევროლოგიურ განყოფილებაში მუშაობენ ცნობილი ნევროლოგები, ქალბატონი ნუნუ ლაითაძე, ბატონები ზურაბ მეტრეველი, ვლადიმერ და ლაშა კუკულაძეები, რომელთა მიერ ხდება პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შეფასება, გასინჯვა-კონსულტაცია და მკურნალობა.
აგრეთვე კლინიკას ყავს ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების (ASAPS)-ს წევრი ალექსანდრე კუტუბიძე.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, დაფუძნების დღიდან „ინოვამ“ მთავარ მიმართულებად სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების შემუშავება და დანერგვა, პაციენტის ჯანმრთელობის მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება, სამედიცინო სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის უწყვეტი განვითარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობა გამოაცხადა. უკვე მეორე წელია, სამედიცინო ცენტრში, ნებისმიერი სირთულის დაავადების მქონე პაციენტებს საქართველოში ევროპული სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ.

ირაკლი თოდუა, გინეკოლოგი: „ინოვა“ პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს - ჩვენთან ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქირურგიული გინეკოლოგიის ყველა მიმართულებას მოვიცავთ, მათ შორის, ისეთ უახლეს სტანდარტებს, როგორიცაა მცირე ინვაზიური ოპერაციები. „ინოვაში“ ევროპული სტანდარტების შესაბამისია ონკოგინეკოლოგიაც. თანამედრივე მეთოდოლოგიით ვაკეთებთ როგორც საკვერცხეების, ასევე საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ოპერაციებს, რომელიც ქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ითვლება. ამასთან, „ინოვაში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამბულატორიულ მომსახურებას. საერთოდ, ორი წლის წინ, როდესაც „ინოვას“ დაფუძნების იდეა გაჩნდა, თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კლინიკის განვითარების საფუძველი სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტები უნდა ყოფილიყო. დამატებითი ინვესტიცია ჩაიდო პაციენტის საჭიროებებზე მმორგებული სტაციონარის მოწყობაზეც, სადაც პაციენტი როგორც წინა საოპერაციო, ისე პოსტ ოპერაციის პერიოდს ატარებს . „ინოვასადმი“ საზოგადოების ნდობასა და მაღალ სტანდარტს ისიც განაპირობებს, რომ კლინიკის განვითარება პროფესიონალების ხელშია - დამფუძნებლები პროფესიით ექიმები არიან, ამიტომ, მათ ზუსტად იციან, რა წარმოადგენს სამედიცინო მიმართულებით საჭირბოროტო საკითებს და როგორ უნდა განვითარდეს კლინიკა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ინოვაში“ ქირურგიული ოპერაციები ზუსტად იმ სტანდარტითა და მეთოდოლოგიით ტარდება, როგორც თურქეთის კლინიკებში, განსხვავება მხოლოდ ფასშია - თურქეთში ოპერაციის ღირებულება ხუთჯერ ძვირია, ვიდრე „ინოვაში“.
ლიკა ჯვარშეიშვილი, რადიოლოგი: „ინოვა“ აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკის ყველა მიღწევით, გვაქვს მრავალშრიანი კოპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ყველა ორგანო მაქსიმალური სიზუსტით გამოვიკვლიოთ. ასევე, გვაქვს ციფრული რენტგენი და მამოგრაფია, დექსადენსიტომეტრი, რომელიც ძვლის ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ულტრაბგერით აპარატურას, გვაქვს როგორც ჩვეულებრივ, ასევე სივრცობრივ რეჟიმში გამოსახულების ნახვის საშუალება, ეს კი განსაკუთრებით ღირებულია სამეანო და გინეკოლოგიური კვლევისას - მაგალითად, საშვილოსნოს განვითარების ანომალიების ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.
გოჩა ჩუტკერაშვილი, ნეიროქორურგი, „ინოვას“ კლინიკური დირექტორი: “ ინოვას” ნეიროქირურგიის განყოფილებაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით თავის ტვინისა და ზურგის ტვინს პათოლოგიების ოპერაციები ტარდება. ოპერაციების დროს ვიყენებთ ისეთ ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნიკას, როგორიცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია და ინტრაოპერატიული ტომოგრაფია. ამასთან, ჯერჯერობით, სატესტო რეჟიმში ვიყენებთ აუტოლოგიური ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს. ზურგის ტვინის რეგენერაციის სტიმულაციის ეს მეთოდი მთელს მსოფლიოშია აქტუალური. „ინოვაში“ ხორციელდება ისეთი დაავადებების მართვა, როგორიცაა მალთაშუა დისკის თიაქარი, ზურგის ტვინის სიმსივნეები, სქოლიოზი, არასტაბილური ხერხემალი, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები... აღსანიშნავია, რომ კლინიკაში წლის განმავლობაში ათასამდე კომპლექსურ ქირურგიულ ოპერაციებს ვატარებთ, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
რამაზ აღლემაშვილი, ორთოპედი-ტრავმატოლოგი: „ინოვაში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია ტრავმატოლოგიურ განყოფილებას, სადაც კუნთოვანი სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებს უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ვმკურნალობთ. ასევე, ტკივილის შემცირებისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის მინიმალურ ინვაზიურ პროცედურებს ვიყენებთ. თანამედროვე აღჭურვილობის საშუალებით, კლინიკაში ტარდება საკმაოდ რთულის ოპერაციები. ოპერაციისას გამოყენებული თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა გვაძლევს გარანტიას, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციის სწრაფი პროცესი განვითარდეს. „ინოვა“ მაღალ სტანდარტებზე გათვლილი სამედიცინო ცენტრია, სადაც უმაღლესი ხარისხის კარგი იმპლანტებისა და მედიკამენეტების გამოყენება ხდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ლონდონის სამეფო აკადემიასთანაც, რომელთა სპეციალისტებიც „ინოვაში“ სტუმრობისას სწორედ ჩვენს მაღალ ხარისხს უსვამენ ხაზს“.
ლევან ქოიავა, ზოგადი ქირურგი-ენდოსკოპისტი: „ინოვას“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის განყოფილებაში ტარდება საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციები. ზოგადი ქირურგიის განყოფილების მთავარი მიმართულებებია: ენდოსკოპიური მანიპულაციები და ბარიატრიული ქირურგია - კლინიკა ქირუგიული და ენდოსოპიური მიმართულების ყველა ასპექტს სრულად მოიცავს, თუმცა უპირატესობა ძირითადად ლაპაროსკოპიულ ქირურგიას ენიჭება. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული (ღია) ოპერაციებიც კეთდება. „ინოვაში“ არსებული ძვირადღირებული სამედიცინო ინსტრუმენტები გვაძლევს შესაძლებლობას, მძიმე ქირურგიული ოპერაციები წარმატებით განვახორციელოთ. ვფიქრობ, კლინიკას სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ ქვეყანაში აღიარებული წამყვანი ექიმების გარდა, „ინოვა“ უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე სამედიცინო დანადგარებითაა აღჭურვილი“.

რუსუდან შელია
R