მსოფლიოს ჩემპიონის მძიმე წარსული - 11 წლის ასაკში ცხინვალში გატაცებული გენო პეტრიაშვილის ისტორია

მსოფლიოს ჩემპიონის მძიმე წარსული - 11 წლის ასაკში ცხინვალში გატაცებული გენო პეტრიაშვილის ისტორია

25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოს ჩემპიონატი - პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო!

გენო პეტრიაშვილმა ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე თვის წინ, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზეც გაახარა. 20 აგვისტოს, თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამით ქართულ დელეგაციას მეშვიდე მედალი შემატა.

ოლიმპიური თამაშების მედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი 22 წლისაა და გორიდან გახლავთ. მისი წარსულის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი, გორელი ფალავნის ბავშვობას უკავშირდება: 11 წლის გენო პეტრიაშვილი კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ნულიდან გაიტაცეს და 3 თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში ჰყავდა დატყვევებული.

ბავშვი 2005 წლის 19 აგვისტოს გაიტაცეს. ინციდენტი ფრონეს ხეობის სოფელ ნულში მოხდა. მაშინდელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრი ბორის ჩოჩიევი აცხადებდა, რომ გატაცებული ბიჭის მამას სპარტაკ პეტრიაშვილს ბიზნეს კავშირები აქვს როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან და სავარაუდოდ, ეს გატაცებაც მის ბიზნესს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, გამტაცებელთა ავტომობილს - თეთრ "ნივას" - ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა. "არ არის საჭირო პოლიტიკის ძებნა - ქართულ მხარეს ურჩევნია თავის კრიმინალს მიხედოს" - განაცხადა ჩოჩიევმა.

შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცავებმა გამტაცებელთა ძებნა ცხელ კვალზე დაიწყეს, თუმცა დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც გამტაცებლები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ.

გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი 2005 წლის ნოემბერში ქართული მხარის ჩარევის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს.

გამოყენებულია civil.ge-ს ინფორმაცია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი